პარიზში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში RAW Wine Paris (რო ვაინ პარიზი) ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელი 9 მარანი მონაწილეობდა.
RAW Wine - ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.
მიმდინარე წელს, პარიზის გამოფენაზე 16 ქვეყნის 200-მდე ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი იყო წარმოდგენილი, მათ შორის, მეღვინეობის ტრადიციებით სახელგანთქმული ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია და სხვა. ტრადიციულად, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი დიდი იყო ღვინის პროფესიონალებისა და ვიზიტორების მხრიდან.
RAW Wine-ზე ღვინის წარსადგენად, ქართველმა მეღვინეებმა მხარდაჭერა საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2026 წელს, ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარნები RAW Wine-ის გამოფენებში სხვადასხვა ქვეყანაში მიიღებენ მონაწილეობას.