12 აგვისტო 2026,   05:07
ვრცლად
საქართველო, როგორც "შუა დერეფნის" კარიბჭე და უალტერნატივო ღერძი - ევროკომისიის ანგარიში საქართველოზე და შეფასებები

ობიექტური შეფასების შედეგი - ასე უწოდებს პრემიერ-მინისტრი საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტის შინაარს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამ ანგარიშით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ევრობიუროკრატების უხეშ პოლიტიკურ განცხადებებს სამართლიან შეფასებასთან კავშირი არ აქვს და ამ დოკუმენტითაც დადასტურდა, რომ ევროსტრუქტურები საქართველოსთან მიმართებით ხშირად სწორედ ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ.

საქართველო, როგორც "შუა დერეფნის" კარიბჭე და უალტერნატივო ღერძი - სწორედ ასე ახასიათებენ საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს გენერალური დირექტორატის წარმომადგენლები. დოკუმენტის ავტორები "ანაკლიის პორტის" საკითხს სტრატეგიულ პრიორიტეტად ასახელებენ, ხოლო "შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს" ფლაგმანურ პროექტს უწოდებენ. გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია სავაჭრო, ენერგეტიკულ და ციფრულ სექტორებში ქვეყნის პოტენციალზე და იმაზე, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია და ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობა ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან და ვაჭრობის სტაბილურობასთან პირდაპირ ბმაშია.

ევროკომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტს სამთავრობო უწყებები დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ანგარიში სრულად ასახავს იმ რეალობას, რომელიც ქვეყანას ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობის მხრივ აქვს. დოკუმენტში საუბარია რეკომენდაციებზეც, რომელიც ძირითადად ევროპული მართვის სისტემების დანერგვასა და ინფრასტრუქტურულ ნაწილს ეხება.

ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობენ ოპოზიციაშიც, თუმცა ამ ეტაპზე მიაჩნიათ, უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური კავშირების გაღრმავებაა.

მორიგ თვითაღიარებას უწოდებენ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში ევროკომისიის 2026 წლის კვლევის შედეგებს. დეპუტატების განცხადებით, საქართველოს მიღწევებზე ევროკომისიის არაერთი დოკუმენტი არსებობს და გუშინ გამოქვეყნებული მასალაც ამის დადასტურებაა.

სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ "რეგიონთაშორისი დაკავშირებადობის დღის წესრიგის" დოკუმენტით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველო ძლიერი პარტნიორია და მისი როლი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის უალტერნატივოა. კონსტრუქციული პოლიტიკის პირობებში კი, საქართველოს საკვანძო როლის მეტად წარმოჩენა შეუძლია.

დღის ამბები