ორმხრივი მზაობა ურთიერთობების გადატვირთვისთვის და იმედისმომცემი სიგნალი სახელმწიფო მდივნისგან - მარკო რუბიოს გზავნილებზე მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტი საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, მილანში იმყოფებოდა, სადაც ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ მიღებაზე მარკო რუბიოს და ჯეი დი ვენსს ესაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ სახელმწიფო მდივანმა საუბრისას თქვა, რომ საქართველოსთან მიმართებაში წინა ადმინისტრაციისგან საკმაოდ დიდი ნეგატივი დახვდათ და უახლოეს მომავალში დაიწყება მზადება ურთიერთობების აღსადგენად. მისივე თქმით, საუბარი შეეხო, ასევე, საერთო ღირებულებებს.
"მან აღნიშნა, ეს მინდა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ საკმაოდ დიდი ნეგატივი დახვდათ წინა ადმინისტრაციისგან საქართველოსთან მიმართებაში. არც მინდა ის სიტყვა გამოვიყენო, პირდაპირ შეიძლება არ ითარგმნება ინგლისურად, უფრო სიმყრალესთან, ესე აღნიშნა რა უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო წინა ადმინისტრაცია ჩვენთან მიმართებაში, თავად ხვდებიან, რომ ეს იყო არარეალური და არაშესაბამისი, ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში. აღნიშნა, რომ წინა ორშაბათს სწორედ ამ თემის განხილვას ჰქონდა ადგილი, მათ ძალიან კარგად გაიარეს, გაანალიზეს ეს პროცესი, პროცესში არიან, რომ გაწმინდონ ეს ნეგატივი ჩვენს ურთიერთობებში და უახლოეს მომავალში აუცილებლად სათანადოდ მოემზადებიან იმისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობები შედგეს.
ჩვენი დამოკიდებულება ღიაა, ჩვენ საზოგადოებას ვესაუბრებით, ამ ეტაპისთვის ყველამ იცის ჩვენი გზავნილი, რომ გვინდა ნორმალური, ჯანსაღი ურთიერთობების წარმოება. როგორც გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აშშ-ს, იმიტომ, რომ ეს არის საკმაოდ ძლიერი ქვეყანა, დომინირებს მსოფლიოში და ის, რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვქონდა და სწორედ იმ წინა ადმინისტრაციის მიზანმიმართული ქმედებებისა და ძალებისა, რომლებიც დღესაც ცდილობენ, რომ ბევრი პროცესი დააზიანონ, ალბათ უწევთ მათ ამ ძალებთან ბრძოლა და ამ კონტექსტში იყო განხილული, პირდაპირ თქვა, რომ წინა ორშაბათს გვქონდა ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით განხილვები და იმდენად დიდი ნეგატივი იყო, რომ დრო სჭირდებათ იმისთვის, რომ ამ ყველაფერს ჩაუღრმავდნენ და ყველაფერი გაანალიზონ და სათანადოდ, როგორც მათ ქვეყანას ეკადრება ისეთი ურთიერთობები დაამყარონ საქართველოსთან. განაცხადა კიდევაც, რომ ტექნიკურ ჯგუფსაც მოამზადებენ იმისთვის, რომ გაანალიზებულ რეჟიმში, ჩვენი ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყება იყოს შესაძლებელი.
ვგრძნობდით კიდეც, რომ ეს არ არის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც შენი კეთილისმსურველია, წინა ადმინისტრაციას ვსაუბრობ, რომელიც ასე უხეშად ერეოდა ჩვენს შიდა საქმეებში. როცა ნორმალურ ურთიერთობაზეა საუბარი, ჩვენ არ ვიყავით საპასუხო რეჟიმში, პირიქით მათ დიდი ნეგატივი დახვდათ, წმენდენ ახლა ამ მთელ ნეგატივს, რათა ჩვენი ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოს," - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.