საქალაქო სასამართლოში ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 17 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღეს, პროკურატურა ყველა მათგანის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს. ბრალდების მხარის განცხადებით, საქმეში ყველა მტკიცებულებაა იმის დასადასტურებლად, რომ ბრალდებულებმა დანაშაული ჩაიდინეს.
"ბრალი ედებათ "კანონიერი ქურდობისთვის", "ქურდული სამყაროს" წევრობისთვის და "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე. ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ხდებოდა ქურდული გარჩევები და როგორ იღებდნენ ბრალდებულები მასში მონაწილეობას. ბრალდების მხარე მოითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას. ბრალდების მხარე დაასაბუთებს ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეს. სისხლის სამართლის საქმე ეფუძნება ფარული საგამოძიებო მოქმედებებით მოპოვებულ აუდიომასალებს, ასევე, საინფორმაციო პატაკებსა და პოლიციელთა მიერ მიცემულ ჩვენებებს," - აცხადებს პროკურორი ნუკრი ჭიტაძე.
ქურდული სამყაროს წინააღმდეგ სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია 2 დღის წინ ჩაატარეს. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირები ფინანსურ დავებს ქურდული გარჩევებით და ე.წ. კანონიერი ქურდების ჩართულობით აგვარებდნენ. დაკავებულებს 15- წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.