ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში ცვლილებების განხილვა გრძელდება. საკითხზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.
ცვლილებების მიხედვით, სრული ზოგადი განათლება 11 კლასით განისაზღვრება. უქმდება სკოლის სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების წესი, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, სავალდებულო ხდება მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება, განისაზღვრება მობილური ტელეფონის გამოყენების წესები.
რაც შეეხება უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებებს, ის ძირითადად საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციას უკავშირდება.
პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი ტატა ხვედელიანი აცხადებს, რომ არ ეთანხმება კანონპროექტის შეთავაზებული ფორმით წარდგენას.
"განხილვებზე ვერ მოვისმინეთ ცალსახა პასუხი, თუ რას ასწავლით მე-12 კლასში. ეს პრაქტიკა შეუთავსებელია როგორც სოციალური თანასწორობის პრინციპებთან, ისე სასკოლო და უმაღლესი განათლების დასავლურ უწყვეტ მოდელთან, რომელიც შემდგომ უმაღლეს საფეხურზე უზრუნველყოფილია ბოლონიის პროცესის ფარგლებში. რეფორმა 11-წლიანი ატესტატის მქონე მოსწავლეებს გაურთულებს სწავლის გაგრძელებას ევროპულ უნივერსიტეტებში“, - აცხადებს ტატა ხვედელიანი.