12 აგვისტო 2026,   02:00
ვრცლად
"ბევრი ინსინუაცია და ბევრი ტყუილი მოვისმინეთ აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც საკუთარ თავს "საერთაშორისო გამჭვირვალობას" უწოდებს" - არჩილ გორდულაძე გრანტების შესახებ კანონპროექტზე

იურიდიულ კომიტეტზე დეპუტატებმა პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს ცვლილებებს გრანტების შესახებ კანონში. ცვლილებებია კიდევ 6 კანონში, მათ შორის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ. წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, დასჯადი ხდება გარე ლობიზმი, ზუსტდება გრანტების განმარტება.

გრანტად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქისთვის ან საქართველოში ბინადრობის უფლების მქონე პირისთვის არა ემიგრანტებისგან, არამედ სხვა სახელმწიფოს, სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ გადმორიცხული თანხა, რომელიც უკავშირდება პოლიტიკურ საქმიანობას.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით ვრცელდება არაერთი ტყუილი, რომლის მიზანია არავინ შევიდეს კონკრეტული საკითხის სიღრმისეულ განხილვაში.

"ბევრი ინსინუაცია და ბევრი ტყუილი მოვისმინეთ აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც საკუთარ თავს "საერთაშორისო გამჭვირვალობას" უწოდებს, მაგრამ მასზე გაუმჭვირვალე ორგანიზაცია, ალბათ, ნაკლებად მოიძებნება. ამ გაუმჭვირვალობის უზრუნველსაყოფად კი დარეგისტრირდა ესტონეთში, იმ შენობაში, რომელიც ნაკლებად პასუხობს მცნებას, რასაც ჰქვია შენობა. მაგალითად: ავრცელებენ ისეთ ტყუილებს, თითქოს, ემიგრანტის მიერ საქართველოში, თავის ოჯახში საყოფაცხოვრებო მიზნით ჩარიცხული თანხა, თანხმობის გარეშე შეუძლებელია ჩაირიცხოს და ჩარიცხვის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს - ეს ტყუილია. ტყუილია, რომ აიტი სპეციალისტებს, რომლებიც წერენ კოდებს და შესაბამისად იღებენ ანაზღაურებას უცხოეთიდან, საქმიანობაში ხელი შეეშლებათ. მათ შორის, წერენ ისეთ აბსოლუტურ ნონსენს, როგორიც არის სხვადასხვა სპორტული კლუბის ფანკლუბთან დაკავშირებით, თითქოს, თუ ფანკლუბის წევრმა რაიმე შეღავათი მიიღო უცხოური სპორტული კლუბისგან, ესეც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დამდგენი იქნება - ტყუილი გახლავთ. მაგალითად: მეწარმე სუბიექტი მეწარმე სუბიექტისგან თუ მიიღებს, რაიმე სამოქალაქო საქმიანობიდან, ბიზნეს გარიგებიდან გამომდინარე თანხას და მთავრობის თანხმობა არ ექნება, ესეც გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ესეც ტყუილია. ყველა ეს ტყუილი ვრცელდება იმავე სოუსით, როგორც იყო გავრცელებული ტერმინი ე.წ. რუსული კანონი 2023 წლიდან მოყოლებული, რათა არავინ შევიდეს კონკრეტული საკითხის სიღრმისეულ განხილვაში", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები