დღე, რომელმაც ირანის ისტორია შეცვალა
1979 წლის 1 თებერვალი ირანის უახლეს ისტორიაში ყველაზე გადამწყვეტ თარიღად ითვლება. სწორედ ამ დღეს, 14-წლიანი გადასახლების შემდეგ, ირანში დაბრუნდა იმამი აიათოლა რუჰოლა ხომეინი - ფიგურა, რომელმაც ქვეყნის პოლიტიკური მიმართულება მომდევნო ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრა.
მისი დაბრუნება მხოლოდ ემიგრაციიდან დაბრუნებული რელიგიური ლიდერის ამბავი არ იყო. ეს დღე იქცა სიმბოლოდ, რომელმაც ირანში დაასრულა მონარქიული ეპოქა და საფუძველი ჩაუყარა სრულიად ახალ პოლიტიკურ რეალობას.
ქვეყანა, რომელიც თვეების განმავლობაში არეულობასა და გაურკვევლობაში ცხოვრობდა, ერთ დღეს ისტორიული გარდატეხის წინაშე აღმოჩნდა.
ირანი რევოლუციის წინ - კრიზისი, რომელიც ღრმავდებოდა
1970-იანი წლების ბოლოს, ირანში ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისი იყო. შაჰის - მოჰამედ რეზა ფეჰლევის მმართველობა სულ უფრო ავტორიტარულ ხასიათს იღებდა. დასავლეთზე ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური დამოკიდებულება, უსაფრთხოების სამსახურების რეპრესიული პოლიტიკა და სოციალური უთანასწორობა, საზოგადოებაში უკმაყოფილებას აძლიერებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკა წინ მიიწევდა, ეს საზოგადოების დიდი ნაწილის კეთილდღეობაზე ნაკლებად ისახებოდა. განსაკუთრებით დიდ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ ახალგაზრდები, სტუდენტები, რელიგიური წრეების წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები. პროტესტმა თანდათან, უფრო მძაფრად, ქუჩაში გადაინაცვლა, მასობრივი გამოსვლები ყოველდღიურ მოვლენად იქცა. არსებული ხელისუფლება მართვის სადავეებს ნელ-ნელა კარგავდა.
გადასახლებული ლიდერი, რომელმაც მოძრაობა გააერთიანა
აიათოლა ხომეინი ირანიდან 1964 წელს გააძევეს, მას შემდეგ, რაც მან შაჰის პოლიტიკა ღიად გააკრიტიკა. გარკვეული პერიოდი მან თურქეთში გაატარა, შემდეგ ერაყში, ქალაქ ნაჯაფში დასახლდა, მოგვიანებით კი საფრანგეთში, პარიზის მახლობლად დაიდო ბინა.
გადასახლება, ხელისუფლებისთვის მისი გავლენის შესუსტების მცდელობა იყო, თუმცა ამან საპირისპირო შედეგი გამოიღო. ფიზიკური დისტანციის მიუხედავად, ხომეინის ხმა ირანში სულ უფრო ძლიერად ისმოდა. მისი ქადაგებები აუდიოკასეტებით ვრცელდებოდა, მას მეჩეთებშიც კი აჟღერებდნენ.
დროთა განმავლობაში ხომეინი იქცა ფიგურად, რომელმაც ერთმანეთისგან განსხვავებული სოციალური ჯგუფები, რელიგიური წრეები, სტუდენტები, ინტელექტუალები და რეჟიმით უკმაყოფილო მოქალაქეები ერთ მოძრაობად გააერთიანა.
შაჰის წასვლა და ძალაუფლების ვაკუუმი
1979 წლის იანვარში შაჰმა ირანი დატოვა. გადაწყვეტილება ოფიციალურად დროებით უკან დახევად იყო წარმოდგენილი, თუმცა, რეალურად, ეს მისი მმართველობის დასასრულის დასაწყისს ნიშნავდა. ქვეყანა ძალაუფლების ვაკუუმში აღმოჩნდა. დროებითი მთავრობა სუსტი იყო, სახელმწიფო ინსტიტუტები კი მორყეული.
ქუჩაში რევოლუციური მუხტი ძლიერდებოდა, ხოლო პოლიტიკური ინსტიტუტები გადაწყვეტილებებს ვეღარ იღებდნენ. ასეთ ვითარებაში ხომეინის დაბრუნება აღარ განიხილებოდა როგორც შესაძლო სცენარი და ვარიანტი - ეს უკვე გარდაუვალი იყო.
1 თებერვალი - დღე, რომელმაც ყველაფერი შეცვალა
1979 წლის 1 თებერვალს ხომეინის თვითმფრინავი თეირანის მეჰრაბადის აეროპორტში დაეშვა. მის დასახვედრად მილიონობით ადამიანმა მოიყარა თავი. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სახალხო შეკრება ირანის უახლეს ისტორიაში.
აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით გადაადგილებას საათები დასჭირდა. მოგვიანებით, ხომეინიმ სიტყვით ხალხს ბეჰეშთე ზაჰრას სასაფლაოზე მიმართა. სიტყვით გამოსვლის დროს მან ღიად განაცხადა, რომ შაჰის მიერ დანიშნული ხელისუფლება არალეგიტიმურია და ირანს ახალი, ხალხის წრფელ ნებაზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემა სჭირდებოდა.
ამ განცხადებამ მოვლენების განვითარების ტემპი და მიმართულება მკვეთრად განსაზღვრა, სახალხო მოძრაობას რევოლუციის ფორმა შესძინა.
ათი დღე, რომელმაც მონარქია დაასრულა
ხომეინის დაბრუნებიდან სულ რაღაც ათი დღის შემდეგ, 11 თებერვალს, ირანის არმიამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა და იარაღი დაყარა. ეს ნაბიჯი გადამწყვეტი აღმოჩნდა. მონარქიული სისტემა საბოლოოდ ჩამოიშალა და ძალაუფლება რევოლუციური ძალების ხელში გადავიდა.
დღეს, 1-11 თებერვალი ირანში ცნობილია როგორც "ფაჯრის ათდღიანი პერიოდი" და ოფიციალურად აღინიშნება. ეს დღეები თანამედროვე ირანის ისლამური რესპუბლიკის დაბადების თარიღად მიიჩნევა.
ახალი პოლიტიკური რეალობა
რევოლუციის შემდეგ მალევე ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგად ირანი ისლამურ რესპუბლიკად გამოცხადდა. განახლებული კონსტიტუციით, ჩამოყალიბდა პოლიტიკური სისტემა, სადაც მთავარი ძალაუფლება რელიგიურ ლიდერს ეკუთვნოდა.
აიათოლა ხომეინი გახდა ქვეყნის უზენაესი ლიდერი - ფიგურა, რომელიც პრეზიდენტსა და პარლამენტზე მაღლა იდგა და სახელმწიფოს საგარეო და შიდა სტრატეგიულ კურსს განაგებდა. ეს მოდელი ირანის პოლიტიკურ ცხოვრებას დღემდე განსაზღვრავს.
როგორ აფასებენ ხომეინის დაბრუნებას დღეს
აიათოლა ხომეინის დაბრუნება დღემდე ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებებს იწვევს. მისი მხარდამჭერებისთვის ეს მოვლენა ეროვნული დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღდგენის სიმბოლოა, ხოლო კრიტიკოსებისთვის - ავტორიტარული მმართველობის დასაწყისი, რომელმაც ირანი დასავლურ სამყაროს დააშორა.
ავტორი: სანდრო სანაია