02 აგვისტო 2026,   14:41
ვრცლად
ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მდებარე კორპუსები სრულად სოციალურ მიზნებს მოემსახურება - უსახლკარო პირებს ბინების მისაღებად განაცხადის წარდგენა უკვე შეუძლიათ

გადაწყვეტილება მიღებულია - ბათუმში გოგოლის ქუჩაზე მდებარე კორპუსები სრულად სოციალურ მიზნებს მოემსახურება. ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, რომლის თანახმად ახალ საცხოვრებელ ბინებს აჭარაში მცხოვრები ეკომიგრანტები და უსახლკარო პირები მიიღებენ.

უსახლკარო პირებს ბინების მისაღებად განაცხადის წარდგენა უკვე შეუძლიათ. ამისათვის მათ ბათუმის მერიას უნდა მიმართონ, სადაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისგან შემდგარი სპეციალური კომისია მუშაობს. უწყებათაშორისი ჯგუფი თითოეულ განაცხადს ინდივიდუალურად, დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად შეისწავლის. ყურადღება მიექცევა სოციალური ქულას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსს და სახვა მნიშვნელოვან გარემოებებს.

გოგოლის ქუჩის 11 ნომერში მდებარე 16 081 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული მრავალბინიანი კორპუსები სახელმწიფოს საკუთრებაა. ტერიტორიაზე 6, 7 და 11 სართულიანი - სულ 7 შენობა დგას. აღნიშნული კორპუსები თავის დროზე უნებართვოდ იყო აშენებული და თურქ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს ჩამოართვეს. დღესვე, ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობა უზრუნველყოფს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, იმისთვის რომ შენობები სრულად მოწესრიგდეს და ოჯახებს საცხოვრებლად გადაეცეთ.

აჭარაში, ეკომიგრანტების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სახელმწიფო სტიქიით დაზარალებულების უსაფრთხო საცხოვრებლით როგორც უსასყიდლოდ, ასევე თანადაფინანსების გზით უზრუნველყოფს. პროგრამაში ჩართვამდე კი უსახლკარო ოჯახების ბინის ქირას სახელმწიფო ფარავს. დღეისთვის ამ პროგრამით უზრუნველყოფილია 2000-მდე ოჯახი, რისთვისაც ბიუჯეტიდან წელიწადში საშუალოდ 6 მილიონი ლარი იხარჯება.

სახელმწიფო მხარდაჭერის მისაღებად, ეკომიგრანტებმა, ადგილობრივ თვითმმართველობებს საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით უნდა მიმართონ.

 

ავტორი: ირაკლი კოშაძე

დღის ამბები