სასურსათო პროდუქციისგან განსხვავებით, რატომ არის საქართველოში საწვავის ფასი შედარებით იაფი? - მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ამის მიზეზი ჩვენ ქვეყანაში არსებული საგადასახადო პოლიტიკაა. საუბარია იმის შესახებ, რომ აქციზის გადასახადი საქართველოში, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, დაახლოებით სამჯერ დაბალია.
არსებობს თუ არა დამატებითი რესურსი, საწვავის ფასების შესამცირებლად? პრემიერ-მინისტრმა, საკოორდინაციო კომისიის წევრებთან ერთად, ამ საკითხზე მოსაზრებები საწვავის კომპანიების წარმომადგენლებისგან მოისმინა.
დღევანდელი შეხვედრა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა, არ ყოფილა პირველი. სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფარგლებში მსგავსი შეხვედრები უკვე გაიმართა, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან, დისტრიბუტორებთან, მეწარმეებთან და ფარმაცევტულ კომპანიებთან. დღევანდელის მსგავსად, ყველა შემთხვევაში ხაზგასმით ითქვა, რომ ფასების შემცირების რესურსი არსებობს.
სამთავრობო კომისიის პარალელურად, რამდენიმე დღეში, სრული დატვირთვით დაიწყებს ფასების მოკვლევას საპარლამენტო კომისიაც. საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე, მომდევნო კვირაში, კომისია დაკომპლექტდება და პირველ სხდომასაც გამართავს. კომისიას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.
პროდუქციაზე ფასწარმოქმნის პროცეს იკვლევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. სუს-მა ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურთან ერთად, მსხვილი ქსელური მარკეტებისგან და სადისტრიბუციო კომპანიებისგან დოკუმენტაცია ამოიღო. საგამოძიებო ორგანოების ინტერესის საგანი შესაძლო კარტელური გარიგებებია.