POLITICO-მ სტრატეგიული კომუნიკაციების კომპანია FGS Global-ის კვლევის შედეგები გაავრცელა. გამოკითხვის მიხედვით, "ევროპელები პესიმისტურად არიან განწყობილი მსოფლიოში არსებული მდგომარეობის, მათი ქვეყნებისა და შტატების პრეზიდენტის მიერ შექმნილი საფრთხეების გამო".
IPSOS-ის შემდეგ, კომპანია FGS Global-ის ახალი კვლევები შეფასების თემაა საქართველოში. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბრიუსელის ევრობიუროკრატია კრიზისშია, არსებულმა მდგომარეობამ კი მოსახლეობაში ნიჰილიზმი გამოიწვია.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ევროპელი ლიდერები გამოსავლის ძიებაში არიან.
"ორი თვის წინაც, დაახლოებით ანალოგიური შინაარსის, დიდი კვლევა ჩატარდა ევროპის მასშტაბით და იქაც მსგავსი სურათი გვაქვს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ არსებობს კრიზისი, რომელიც გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით: ეს არის ეკონომიკური ფაქტორი, რომელსაც თან მოჰყვა სოციალური საკითხები, ასევე, პოლიტიკური პრობლემები, - მაგალითად, როდესაც ქვეყნებში ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება არა ამ ხალხის და ქვეყნების საუკეთესო ინტერესებიდან, არამედ იმ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, რაც არ შედის ამ მოსახლეობის და ამა თუ იმ კონკრეტული ქვეყნის პრიორიტეტებში. ჩვენ თუ ყოველდღიურ რეჟიმში მივადევნებთ თვალს ევროპული ლიდერების თუ სხვა საზოგადოების განცხადებებს, ვნახავთ, რომ ისინი სწორედ ამ კრიზისის აღიარებისა და გამოსავლის გზების ძიების პროცესში არიან," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.