პატიების მოლოდინი სინანულის გარეშე და პატიმრების მშობლების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება - სცენარი, რომლის უკანაც მმართველი გუნდი ოპონენტებს ხედავს, რამდენიმე პუნქტისგან შედგება. რატომ და ვინ გააჩინა შეწყალების მოლოდინი მაშინ, როცა აქციების დროს დაკავებულ და ძალადობისთვის გასამართლებულებს არც დანაშაული უღიარებიათ და არც მიხეილ ყაველაშვილის ლეგიტიმურობა? სახელისუფლებო პარტია ოპონენტების მხრიდან მიზანმიმართულ კამპანიაზე საუბრობს. "ქართული ოცნება" ერთდღიანი აჟიოტაჟის მთავარ აქტორებად ოპოზიციისა და აქტივისტების ნაწილს აცხადებს.
ნათლისღების დღესასწაული გამონაკლისი არ ყოფილა, საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი აქამდეც არაერთხელ გამოსცა, თუმცა მსგავსი სცენარი წარსულს არ ახსოვს. არის კიდევ რამდენიმე, თუმცა პატიმრების მსგავსად, პრეზიდენტ ყაველაშვილის უფლებამოსილებას მათი მშობლები არ ცნობენ, არც ინანიებენ და არც დანაშაულს აღიარებენ. მიუხედავად ამისა, სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ნათლისღების დღესასწაულზე მაინც მივიდნენ. მმართველ გუნდს ამ სცენარში დაკავებულების მუქარაც აკვირვებს - დაკავებულებმა და მათმა ოჯახის წევრებმა, ციხის დატოვების შემდეგ რადიკალური პროცესების განვითარების პირობა დადეს.
ვინ შექმნა ცრუ მოლოდინი? - დამნაშავის ძიებაში ოპოზიციის გზა, ოპოზიციამდევე მივიდა. გახარიას პარტიაში პოლიტიკურ უპასუხისმგებლობაზე და კოლეგების არათანმიმდევრულობაზე საუბრობენ. აცხადებენ, რომ პატიმრების მშობლები პოლიტიკური მიზნებისთვის არავინ უნდა გამოიყენოს.
ვინ უნდა შეიწყალოს ვისაც არ აღიარებენ და რა უნდა მიეტევოთ როცა არ ინანიებენ - ურთიერთგამომრიცხავ ფაქტებზე საუბარი ოპოზიციის ნაწილს უჭირს. "ნაციონალური მოძრაობა" პატიმრების მშობლებისთვის ცრუ მოლოდინის შექმნას საერთოდ უარყოფს, თუმცა გარკვეული პირების მხრიდან მცდელობებს აღიარებს. ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ პრეზიდენტის მხრიდან აქციების დროს დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების მოლოდინი საერთოდ არ ჰქონიათ.
ოპოზიციის მხრიდან პასუხისმგებლობისგან თავის არიდება და სხვებზე გადაბრალების ტაქტიკა "ქართულ ოცნებას" არ უკვირს. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ მათი ოპონენტების და უცხოური ძალების ინტერესი საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯის გაშავებაა. თუმცა სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ საზოგადოებამ სიმართლე კარგად იცის და ეს მათ არჩევანშიც აისახება.
პრეზიდენტმა კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილება მერვედ გამოიყენა და ნათლისღების დღესასწაულზე ციხის კარი 159 მსჯავრდადებულისთვის გაიხსნა. შეწყალებულებს შორის მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდადებული პირები არ ყოფილან, არც ისინი ვინც აქციების დროს ძალადობრივი ქმედებებისთვის დააკავეს. ცრუ მოლოდინი მოლოდინად დარჩა. ხელისუფლება ყველას კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდებს.