გურიაში 2 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელეში 50 ბავშვზე, ხოლო სოფელ ნიგვზიანში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღები ააშენა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ შენობებში გათვალისწინებულია სკოლამდელი განათლებისთვის აუცილებელი ყველა პირობა – სასწავლო, საძინებელი და ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო, შიდა და გარე სათამაშო ზონები და რეკრეაციული სივრცეები. ბაღები ინფრასტრუქტურის მინისტრმა მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან ერთად მოინახულა.