02 აგვისტო 2026,   21:08
ვრცლად
დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები - აჭარის რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები - აჭარის რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. სახელმწიფო პროექტები მოიცავს სკოლების, საბავშვო ბაღების, საგზაო და სპორტული ობიექტების მოწყობას.

უკვე დასრულებულ პროექტებს შორისაა სოფელ ფერიასა და მახინჯაურში საბავშვო ბაღების სრული რეაბილიტაცია. 200-მდე აღსაზრდელი სწავლას უსაფრთხო, კომფორტულ და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საგანმანათლებლო გარემოში აგრძელებს. შენობებში მოეწყო სასწავლო, სათამაშო, დასასვენებელი და ადმინისტრაციული სივრცეები.

სამშენებლო სამუშაოები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს. აქტიურად მიმდინარეობს ბათუმის ნომერ მესამე და 26-ე საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტები სახელმწიფოს დაფინანსებით ხორციელდება და მათი საერთო ღირებულება 6 მილიონ ლარს აღემატება. დაწყებულია ბათუმის №5 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. შენობა 810 მოსწავლეზეა გათვლილი.

აჭარაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ახალგაზრდებისთვის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ქობულეთში 500 მაყურებელზე გათვლილი სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყება. კომპლექსი გააერთიანებს მრავალფუნქციურ დარბაზს, დიდ და საბავშვო აუზებს, სატრენაჟორო და ფიტნეს სივრცეებს.

რაგბის მოყვარულებისთვის თანამედროვე პირობები შეიქმნება სოფელ ხუცუბანში, სადაც ახალი სტადიონის მშენებლობა იწყება. პროექტი მოიცავს ხელოვნურსაფარიან მოედანს. მოეწყობა გასახდელები, სველი წერტილები, საშხაპეები, მწვრთნელებისა და ექიმების ოთახები.

რეგიონში კიდევ ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის განხორციელება იწყება. ბათუმი–სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი უკვე გამოცხადებულია. 11.3 კმ-იანი გზა საქართველოს საზღვარს თურქეთთან დააკავშირებს.

აჭარის რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნაწილი მიმდინარე წელს დასრულდება. პროექტების მიზანი რეგიონის განვითარება, ადგილობრივების და ტურისტებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნაა.

 

ავტორი: ირაკლი კოშაძე 

დღის ამბები