პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შემდეგ, პოლიტიკური სპექტრი პოლიტიკური მონოლოგიდან პოლიტიკური დებატების ფორმატში გადასასვლელად ემზადება. საჯარო დისკუსიისთვის მმართველ პარტიას სრული მზაობა აქვს. როგორც სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ საზოგადოება ხელოვნურად შექმნილი პროცესის შედეგად რეალური ოპონირების გარეშე დარჩა. დებატები კი ის მექანიზმია, რომელიც მოსახლეობას ანალიზზე დაფუძნებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს.
პოლიტიკური დებატებისთვის შესაბამისი ფორმატი უახლოეს ორ კვირაში უნდა ჩამოყალიბდეს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივამ ოპოზიციას დღის წესრიგი შეუცვალა. ახლა ცალმხრივი საუბრიდან ხელისუფლების ოპონენტებს პოლემიკისთვის მზადება მოუწევთ.
სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ რადიკალიზაციის ნაცვლად ჯანსაღი დისკუსია სწორედ ის ფორმატია, რომელიც დებატებისთვის ყველაზე შესაფერისად მიაჩნიათ. საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ პრემიერის ინიციატივის ადრესატები ის პოლიტიკური ჯგუფებია, რომელთა ინტერესშიც არა პოლიტიკური შოუს მოწყობა, არამედ არგუმენტების გაცვლაა.
პირველი დებატების თარიღი მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც დისკუსიისთვის აუცილებელი ფორმატი ჩამოყალიბდება. მთავრობის მეთაურის განცხადებით, სწორედ დებატების კულტურას შეუძლია პოლარიზაციის დასრულებაში გარდამტეხი როლის შესრულება. მისი თქმით, ამ ინიციატივისთვის ზიანის მიყენების ყველა მცდელობა მარცხისთვისაა განწირული.
პოლიტიკურ ჯგუფებს შორის საჯარო დებატების ინიციატივით პრემიერ-მინისტრი გუშინ გამოვიდა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, იმისთვის, რომ საზოგადოებამ სწორი არჩევანი გააკეთოს, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა საჯაროდ მოისმინოს ყველა პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია. ასევე ცნობილია, რომ მთავრობის მეთაურის შეთავაზება მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის პირისპირ პოლემიკას არ გულისხმობს და დებატები საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების მონაწილეობითაც გაიმართება.