სტრასბურგმა საია-ს სარჩელის განხილვა დაიწყო. ორგანიზაცია სარჩელში საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის დარღვევაზე საუბრობს, თუმცა არ დაკმაყოფილდა მათი მთავარი მოთხოვნა, რომელიც დროებითი ღონისძიების სახით არჩევნების შედეგების გაუქმებას ეხებოდა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მომჩივან მხარეს უარი უთხრა და საკითხზე არ იმსჯელა. სასამართლოს საქმისთვის პრიორიტეტი არ მიუნიჭებია. სარჩელი სტანდარტული პროცედურით, დაჩქარების გარეშე განიხილება.
მმართველ გუნდში თვლიან, რომ სასამართლოს კითხვების ფორმულირება, კონკრეტული მტკიცებულებების, საზღვარგარეთ უბნების რაოდენობისა და საია-ს, როგორც დამკვირვებლის დავის უფლებაზე, პირდაპირი მინიშნებაა, რომ სასამართლოს მომჩივანთა არგუმენტებში ეჭვი შეაქვს. უმრავლესობაში სვამენ კითხვას, - რატომ დაუმალა საია-მ საზოგადოებას სტრასბურგის უარი დროებით ღონისძიებაზე?
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ონიანი აცხადებს, რომ საია-ს არ ჰქონია გაგზავნილი დროებითი ღონისძიების მოთხოვნა.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სახელით, მხოლოდ ერთი საჩივარია წარდგენილი. ჩვენი მხრიდან აღნიშნული მოთხოვნა, ვგულისხმობ დროებით ღონისძიებას, არ ყოფილა. საია-ს არ ჰქონია გაგზავნილი დროებითი ღონისძიების მოთხოვნა.
საჩივრის შინაარსი გამოქვეყნდება 2026 წლის 2 თებერვალს, ევროსასამართლოს ვებგვერდზე, ეს იქნება საჯაროობის თარიღი. ამის შემდეგ მათ შეუძლიათ, ნახონ, რა არის საქმის ის არსებითი ნაწილი, რომელზეც სასამართლომ დაიწყო მსჯელობა,"- აცხადებს ონიანი.