12 აგვისტო 2026,   09:33
ვრცლად
ჩვენ სულ გვინდოდა დებატები, სულ მოწადინებულები ვიყავით, რომ დაგვეწყო დისკუსია, ძალიან კარგია თუ ეს დაიწყება - ალექსანდრე რაქვიაშვილი

პრემიერის ინიციატივას დებატების სივრცის გახსნაზე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეხმაურებიან. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან და არ გაურბიან დებატებს. უმრავლესობაში კი აღნიშნავენ, რომ უნდა დაბრუნდეს დებატები, ოღონდ ამისთვის აუცილებელია შესაბამისი მედია სტანდარტი.

პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ დებატები ძალიან კარგი იქნება.

"ჩვენ სულ გვინდოდა დებატები, სულ მოწადინებულები ვიყავით, რომ დაგვეწყო დისკუსია, ამიტომ ძალიან კარგია თუ ეს დაიწყება. იმედია ეს არ იქნება ერთჯერადი, რომ ამომრჩეველმა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ნახოს ეს დებატები და ყველა მნიშვნელოვან პრობლემაზე ჰქონდეს არჩევანი სხვადასხვა პოლიტიკურ პოზიციებს,"- აცხადებს რაქვიაშვილი.

პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი სიორიძე აცხადებს, რომ მეათე ხარისხოვან თემაზე დებატებს არ აპირებს.

"ჩვენ დებატებს არასდროს არ გავურბოდით, პირიქით, ისინი კი ყოველთვის გაურბოდნენ ამას. არავინ აპირებს მეათე ხარისხოვან თემაზე დებატებს, ისინი მზად არიან მაგალითად სინდისის პატიმრებზე რომ იდებატონ?"- განაცხადა სიორიძემ.

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა კი აცხადებს, რომ დებატებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სჭირდება, მისი თქმით, ოპოზიცია ნებისმიერი ფორმატისთვის მზად არის.

დღის ამბები