04 აგვისტო 2026,   20:22
ვრცლად
"არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს ბრალად წარდგენილ ქმედებას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ" - დემეტრე ჩიქოვანის ადვოკატი

მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებული არასრულწლოვანების სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომა დახურული იყო.

ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 4 პირი დააკავეს. მათგან ერთს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო კიდევ სამ პირს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, თუმცა ორს ბრალი დაუმძიმდა და გამოძიება ახლა მათ ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად.

დემეტრე ჩიქოვანის ადვოკატის, გიორგი გამხიტაშვილის განმარტებით, არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს ბრალად წარდგენილ ქმედებას მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ.

"არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც დაადასტურებს ბრალად წარდგენილ ქმედებას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ. თავს ცნობს უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალთან დაკავშირებით. შუამდგომლობით მივმართეთ მოსამართლეს პროკურორის აცილების თაობაზე, ასევე, დავაყენეთ შუამდგომლობები გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე", - განაცხადა დემეტრე ჩიქოვანის ადვოკატმა გიორგი გამხიტაშვილმა.

დღის ამბები