ევროპის განადგურების გეგმა, Deep state-ის რებრენდინგის გადამწყვეტი ფაზა და მსოფლიოს ახალი გადანაწილება - გლობალურ პოლიტიკაში განვითარებულ მოვლენებზე ზაზა შათირიშვილი მორიგ ანალიტიკურ წერილს აქვეყნებს. ფილოსოფოსი წერს, რომ მიმდინარე ომით კონტინენტი უკვე დასუსტდა და პროცესი ახლა ევროპის, როგორც მსოფლიო პოლიტიკის ანგარიშგასაწევი აქტორის, დასრულებისკენაა მიმართული. ეს კი შტატებთან პარტნიორობის ჩამოშლას უკავშირდება. მისი აზრით, სწორედ ამის შემდეგ გადავა ევროპა სრულად კორპორაციულ მმართველობაში. შათირიშვილი წერს, რომ Deep state-ის მიერ მართული დონალდ ტრამპის მხრიდან გრენლანდიის მოთხოვნა მხოლოდ საბაბია - ევროპასთან კონფლიქტისა და ევროპისგან გათავისუფლების.
"ქართული ოცნება" ანალიტიკაში არ შედის, თუმცა ყურადღებას ამახვილებს ფაქტებზე, რაც მათივე შეფასებით მიუთითებს, რომ გლობალურ დღის წესრიგს დამოუკიდებლად, მხოლოდ დონალდ ტრამპი ვერ შეცვლიდა - კონკრეტული ძალების ინტერესების გარეშე. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გრენლანდიის საკითხი ყველაზე მკაფიო მაგალითია წინააღმდეგობებით აღსავსე მოვლენებისა და ამერიკა-ევროპას შორის არსებული ინტერესთა კონფლიქტის.
ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის გართულებულ ურთიერთობაში ოპოზიცია მხოლოდ გლობალურ კონკურენციას ხედავს. ხელისუფლების ოპონენტები აღიარებენ, რომ ამერიკისა და ევროპის მიდგომები ერთმანეთს ასცდა, თუმცა ამტკიცებენ, რომ კონტინენტებს დასავლური ღირებულებები აერთიანებთ.
გეოპოლიტიკური ცვლილებები რომ რეალობას არ ცვლის, ამაზე საუბრობს მმართველი პარტიაც, სადაც მიაჩნიათ, რომ ქვეყანამ გლობალურ ტურბულენტობაში პრაგმატული პოლიტიკა უნდა შეინარჩუნოს.
რა როლი აქვს მსოფლიო გეოპოლიტიკაში დღეს რუსეთს, რომელსაც ამერიკა ღაზის მშვიდობის საბჭოში გაწევრიანებას სთავაზობს? - ზაზა შათირიშვილი ვრცელ წერილში კითხვებს ამ მიმართულებითაც სვამს და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რატომ პასიურობს კრემლი ვაშინგტონის სასარგებლოდ ვენესუელას ან თუნდაც ირანის საკითხზე.