მყინვარულ ხეობებში ბუნებრივი საფრთხეების კვლევის შედეგები ცნობილია. ქვეყნის მასშტაბით 22 ხეობა შეფასდა. შვეიცარიულმა კომპანიამ დასკვნა პრემიერ-მინისტრს, მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და სპეციალისტებს წარუდგინა. მყინვარულ ხეობებში მყისიერი საფრთხე არ არსებობს, თუმცა დადგინდა ის არეალები, სადაც რისკების მართვისთვის მონიტორინგის სისტემების განთავსებაა აუცილებელი.
მასშტაბური კვლევის ფარგლებში გამოვლენილ წერტილებში, მონიტორინგის სისტემების განთავსება მიმდინარე წელს დაიწყება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მყინვარები ბუნებრივი სიმდიდრეა, თუმცა გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე სტიქიური საფრთხეების მატარებელი, რასაც შოვის ტრაგედია ადასტურებს. შესაბამისად, ამ რისკების მინიმუმამდე დაყვანა მთავრობის პრიორიტეტებს შორისაა.
ქართულმა მხარემ მყინვარულ ხეობებში ბუნებრივი საფრთხეების კვლევის მიზნით შვეიცარიულ კომპანიასთან ითანამშრომლა.
"გეოტესტის" წარმომადგენლებმა კვლევა 2024 წლიდან დაიწყეს. შვეიცარიელი ექსპერტის თქმით, მათ მიერ მომზადებული კვლევა რისკების მართვის მხრივ მთავრობას საჭირო საბაზისო მონაცემებს აძლევს.
მყინვარულ ხეობებში, სადაც სპეციალისტებმა რისკების დაზღვევის რეკომენდაცია გასცეს, მონიტორინგის სისტემები 2 წლის განმავლობაში განთავსდება. ამის შემდეგ კი სამომავლო სამუშაოები დაიგეგმება.
სპეციალისტების შეფასებით მნიშვნელოვანია, რომ მასშტაბური კვლევის ფარგლებში ყველა ის მყინვარული ხეობა შეფასდა, რომელიც დაკვირვებას საჭიროებს. რეკომენდაციების შესრულება კი სამომავლოდ მაღალი სიზუსტის ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას იძლევა.
მონიტორინგის სისტემის განთავსების პროცესს კოორდინაციას მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილი ჯგუფი გაუწევს. სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმი ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობას გულისხმობს, რომელიც კომპეტენციის შესაბამისად პროცესის მართვაზეა პასუხისმგებელი.
მყინვარულ ხეობებში საფრთხეების შესწავლის პროცესში შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად პროფილური სამინისტროები, შესაბამისი უწყებები და სპეციალისტები იყვნენ ჩართული.