18 ივნისი 2026,   21:14
ვრცლად
"ქართული ოცნება" იმედს გამოთქვამს, რომ საჩივარი სამართლებრივი რეაგირების ეტაპზე არ გადავა და BBC საკუთარ დანაშაულს აღიარებს

მმართველი გუნდი იმედს გამოთქვამს, რომ საჩივარი სამართლებრივი რეაგირების ეტაპზე არ გადავა და BBC საკუთარ დანაშაულს აღიარებს, საქართველოს ხელისუფლების მისამართით, ქიმიური იარაღის გამოყენების მძიმე ბრალდების გამო საჯარო ბოდიშს მოიხდის და ე.წ. საგამოძიებო ფილმს ყველა პლატფორმიდან წაშლის. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ქართული ოცნება" უკვე ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროს მიმართავს, საჭიროების მიხედვით კი მაუწყებელს ჯერ ადგილობრივ სასამართლოში, შემდეგ კი სტრასბურგში უჩივლებს.

ხელისუფლებისგან განსხვავებით, მათი ოპონენტები ფიქრობენ, რომ BBC-ის საბოდიშო არც არაფერი აქვს. ოპოზიციას დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ დაუსაბუთებელი ვარაუდის, უაპელაციოდ სჯერა. მიუხედავად იმისა, რომ ამას ე.წ. საგამოძიებო ფილმის გამოკითხული რესპონდენტებიც ვერ ადასტურებენ.

კითხვას პასუხი სუს-ის გამოძიებამ უკვე გასცა და დაადგინა, რომ პოლიციის შეიარაღებაში ბრომბენზილ ციანიდი, იგივე "კამიტი" არასდროს ყოფილა, ქიმიური იარაღის შესახებ ინფორმაცია კი BBC-ის ფილმის არც ერთ ფიგურანტს არ ჰქონდა. მაშინ რატომ ამტკიცებს ბრიტანული მაუწყებელი, რომ საპროტესტო აქციებზე აკრძალული ნივთიერება გამოიყენეს - "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ მიზანი ხელისუფლების დისკრედიტაცია იყო, რაც რეალურად ქვეყნის იმიჯის დაზიანებას უკავშირდება. სწორედ ეს გახდა მთავარი მოტივი, რის გამოც "ქართულმა ოცნებამ" BBC-ის ცილისწამებისა და ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევისთვის, საჩივრით მიმართა.

BBC-ის დონალდ ტრამპმა რამდენიმე კვირის წინ უჩივლა და კომპენსაციის სახით, 10 მილიარდი დოლარი მოსთხოვა. მაშინ ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუხდა აღიარება, რომ ამერიკის პრეზიდენტის სიტყვებს კონტექსტი შეუცვალეს და უხეშად დაამონტაჟეს.

დღის ამბები