14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. თარიღთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ვიდეორგოლი მოამზადა, რომელშიც ჩანს საქართველოს დროშა საპროტესტო აქციებზეც.
ძალადობრივი პროტესტის რომანტიზება და დაპირისპირების წახალისება - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება ევროკავშირის მილოცვის ამ ფორმაზე.
"რასაკვირველია, ეს არ არის პაველ ჰერჩინსკის გადაწყვეტილება, ეს არის კიდევ ერთი უსინდისო გამოხატულება იმ დამოკიდებულებისა, რომელიც საქართველოს მიმართ გააჩნია ბრიუსელს. ეს არის ადმინისტრაციული სტრუქტურა, რომელიც არათუ საქართველოს ინტერესებს არ ითვალისწინებს, ყველანაირი რესურსი არის დაკარგული მოახდინოს თავად ევროკავშირში ქვეყნებს შორის კოორდინაცია ურთიერთობების მშვიდობისაკენ.
ასეთი მილოცვა, რასაკვირველია, არის უტიფრობა, ვინაიდან კონკრეტულ მიზანს გამოხატავს, წაახალისოს ექსტრემიზმი საქართველოში და განახორციელოს საკუთარი მიზნის რეალიზაცია, რომელიც არ უქადის საქართველოს არანაირ სიკეთეს, პირიქით," - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
ვიდეორგოლთან დაკავშირებით, "კურიერმა" ევროკავშირის წარმომადგენლობას წერილობით მიმართა, რომელზეც პასუხს ველოდებით.