ისტორიულ ინვესტიციასთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა ამჯერად აბუ-დაბიში გაიმართა. მთავრობის მეთაური EMAAR ჯგუფის დამფუძნებელს შეხვდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მუჰამედ ალაბართან "იგილ ჰილსის" პროექტის დეტალები განიხილეს. პრემიერმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა რამდენად მნიშვნელოვანია მასშტაბური ინვესტიცია, რომლის მოცულობაც 6 ნახევარ მილიარდს შეადგენს.
თბილისსა და ბათუმში "იგილ ჰილსის" კომპლექსის მშენებლობისთვის ნახევარი მილიარდია განსაზღვრული, პროექტის მიმდინარეობისას 24 000 სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება, მუდმივად დასაქმებული კი 8000 ადამიანი იქნება. მასშტაბური პროექტის განხორციელება თბილისსა და გონიოში უახლოეს პერიოდში დაიწყება. პროექტის 33 პროცენტიანი წილის მფლობელი, ვალდებულების გარეშე საქართველო იქნება. ქვეყნის ბიუჯეტი კი ყოველწლიურად 700 მილიონი ლარით შეივსება.
კიდევ ერთი უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია, რომლის დამფუძნებელთანაც დღეს შეხვედრა შედგა DAMAC-ჯგუფია. საინვესტიციო კომპანია ახლო აღმოსავლეთში სასტუმროებისა და უძრავი ქონების ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერია. 15 ქვეყანაში ოპერირებს, წლიური შემოსავალი 4 მილიარდ დოლარს აჭარბებს და 4 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე, საუბარი საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებს შეეხო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და DAMAC-ის დამფუძნებელმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის ინტერესიც გამოხატეს.
პრემიერი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულში მონაწილეობს. სამიტი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი მთავრობების მეთაურებს, ბიზნეს ლიდერებს, ახალგაზრდა ინოვატორებს და პოლიტიკოსებს მასპინძლობს. მთავარი თემები თანამშრომლობა, ინვესტიციები და ინოვაციებია.
მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტი დღეს გაიხსნა. მის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა ხვალაა დაგეგმილი. შუა დერეფანი და მისი მნიშვნელობა
სწორედ ამ თემაზე გაამახვილებს ყურადღებას ირაკლი კობახიძე.
სიტყვით გამოსვლამდე ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად, სამიტის გახსნისა და დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ღონისძიებას არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი ესწრებოდა. გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ შეიხმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა სამიტში მონაწილე ლიდერები და ზაიედის პრიზის გამარჯვებულები სცენაზე მიიპატიჟა და ერთობლივი ფოტო გადაიღეს.
ირაკლი კობახიძე დელეგაციის წევრებთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მეორე დღეა იმყოფება. ქართულმა მხარემ ამ დროის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გამართა და რამდენიმე მემორანდუმს მოაწერა ხელი. ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის პორტების ჯგუფის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორსაც შეხვდა. საუბარი შუა დერეფნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტის მნიშვნელობას შეეხო. ითქვა, რომ წარმატებული პარტნიორობის მაგალითია თბილისის მშრალი პორტი. კომპანიამ მშრალი პორტის პროექტში ამ ეტაპისთვის 16 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ინვესტიციის მოცულობა პროექტის განვითარებასთან ერთად გაიზრდება. კომპანია პრიპკოსთან კი ხელი მოეწერა უძრავი ქონების სექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით მემორანდუმს.
აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეული 15 იანვრამდე გაგრძელდება.