ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერი ევროკომისარს ღიად, ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანიის ეთერში დაუპირისპირდა. სლოვაკეთის პრემიერი ფიქრობს, რომ კაია კალასი გაერთიანების წინაშე არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს ვერ უმკლავდება, რაც ევროკავშირს ასუსტებს. რობერტ ფიცოს აზრით, საერთაშორისო კრიზისის ფონზე, ევროპა ადეკვატურად ვერ რეაგირებს, რაც საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისრის პირდაპირი პასუხისმგებლობაა.
რობერტ ფიცოს განცხადებას დღეს თბილისშიც გამოეხმაურნენ. პარლამენტის სპიკერმა სლოვაკეთის პრემიერის სიტყვები სოციალურ ქსელში გააზიარა და დაწერა, რომ ესტონეთის ექსპრემიერის რეალური მისწრაფებები ყველაზე უკეთ მაშინ გამოჩნდა, როცა კალასმა საგარეო უწყების ხელმძღვანელი თბილისში, საპროტესტო აქციების მონაწილედ გამოაგზავნა. შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის მმართველი რგოლის შეცვლას გაერთიანების გადარჩენის წინაპირობად მიიჩნევს.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მეთაურის მოსაზრებების მიმართ კრიტიკულია ქართული ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები კალასის პერსონას საგარეო საკითხებში კომისრის თანამდებობაზე პოზიტიურად აფასებენ. ამბობენ, რომ ფიცოსა და საქართველოს ხელისუფლების მოსაზრებები ამ კუთხით მიკერძოებულია.
კაია კალასის მიმართ ქართული ოპოზიციის დამოკიდებულება სახელისუფლებო გუნდში არ უკვირთ. ამბობენ, რომ კალასი, ესტონეთის პრემიერობიდან დღემდე, თბილისში ძალადობრივი აქციების ორგანიზატორების მხარდამჭერი იყო. მმართველ გუნდში დღეს ალდეს რეზოლუციებიც გაიხსენეს, რომელიც ქვეყნის საშიანაო საქმეებში ჩარევად იყო აღქმული და რომლის წევრიც, მარტა კოსთან ერთად, სწორედ ევროკომისარი კალასიცაა. "ოცნებაში" ფიქრობენ, რომ, კალასის ცვლიელების გარდა, ევროპელი ბიუროკრატების მიდგომებიც უნდა შეიცვალოს.
უკრაინაში 4-წლიანი ომისა და აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების ფონზე, ევროკავშირის უსაფრთხოების უმაღლესი წარმომადგენლის მიმართ კრიტიკა ხშირად ისმის. გაერთიანების წევრების ნაწილი თანამდებობის პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად გამოყენებაზე საუბრობს და გაერთიანებაში ცვლილებების აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს.