საქალაქო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის პროცესი გაიმართა. მხარეებმა უდაოდ ცნეს ბრალდების მხარის მოწმე, რომლის გამოკითხვაც დღეს იყო დაგეგმილი. ასევე, გამოიკვლიეს წერილობითი მტკიცებულებები.
"ბრალდების მხარე აქტიურად აგრძელებს მტკიცებულების წარმოდგენას მოწმეებთან ერთად, პარალელურ რეჟიმში, წარადგენს წერილობით მტკიცებულებებს. დღეს ბრალდების მხარემ დაასრულა წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა, რამაც მშვიდ გარემოში ჩაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებლებმა სრულყოფილად ჩაატარეს მოცემულ საქმეზე გამოძიება. შემდეგ პროცესებზე ბრალდების მხარე წარადგენს სხვა მოწმეებს. დღეის მდგომარეობით, დაკითხულია 72 მოწმე და დარჩენილია 42 მოწმე," - აღნიშნა საქმის პროკურორმა, ირაკლი მარშანიამ.
რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ივნისში დააკავა. მას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.