გადაწყვეტილება, რომელზეც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საუბრობს, ორ პარალელურ საარბიტრაჟო დავას უკავშირდება. სტოკჰოლმის საარბიტრაჟო პალატაში და მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავების ცენტრში, კომპანია "ინტერ რაო" ითხოვდა, რომ საქართველოში მისი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფში ვალუტის გაუფასურებით მიყენებული ზარალი ასახულიყო. ლევან ჟორჟოლიანი იხსენებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში მთავრობა რუსულ კომპანიას შეუთანხმდა, რომ ხარჯები ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფით დაკომპენსირდებოდა. ახლა კი მმართველი გუნდი, ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობის" მოღალატეობრივი ქმედებების გამოსწორებას ცდილობს.
სამართლებრივთან ერთად, სახელისუფლებო გუნდში "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეც აკეთებენ აქცენტს და ამბობენ, რომ, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ენერგო ობიექტები რუსულ კომპანიებს 2008 წლის ომის შემდეგ გადაეცა. "ქართულ ოცნების" წევრები ოპონენტებს ამ პერიოდს ახსენებენ.
"ნაციონალური მოძრაობის" როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი წევრები მიხეილ სააკაშვილის პერიოდში გასხვისებული ენერგოობიექტების შესახებ არ საუბრობენ. ამტკიცებენ, რომ კომპენსაციის გადახდა საქართველოს ბიუჯეტისთვის მძიმე ტვირთი იქნება.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ", ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გასხვისებული სტრატეგიული ობიექტების დაბრუნების პროცესი დაიწყო, ახლა კი ქვეყანა სწორედ ამ უკანონო და ანტიეროვნული ქმედებების საფასურს იხდის. სახელისუფლებო პარტიაში იმასაც ამბობენ, რომ "ინტერ რაოსთვის" გადასახდელი კომპენსაცია, ფაქტობრივად, ნულოვან ნეგატიურ გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკასა და მოსახლეობაზე.
მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, კომპენსაცია 2028 წლის 10 ივლისამდე დაიფარება.