18 ივნისი 2026,   21:28
ვრცლად
დონალდ ტრამპმა 66 საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, აღმასრულებელ განკარგულებაზე ხელმოწერით, ოფიციალურად დღეს შეწყვიტა

ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგო, სუვერენიტეტის შემლახავი, საფრთხის შემქმნელი, მფლანგველი, უსარგებლო და მავნე მოქმედებები – ამ მოტივაციით, 66 საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა დონალდ ტრამპმა, აღმასრულებელ განკარგულებაზე ხელმოწერით, ოფიციალურად, დღეს შეწყვიტა.

ვაშინგტონი მტრულ საქმიანობაში გაეროს 31 და მის გარეთ მოქმედ 35 ორგანიზაციას ადანაშაულებს. თეთრი სახლის შავ სიაში მოხვდა ვენეციის კომისიაც, რომელსაც შტატები დამკვირვებლის სტატუსით ჯერ კიდევ 35, სრულყოფილ წევრად კი 13 წლის წინ შეუერთდა. თეთრ სახლში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტი მკაფიოდ ამბობს, რომ გადასახადების გადამხდელების მილიარდობით დოლარის უცხოურ ინტერესებზე ხარჯვის ეპოქა დასრულებულია.

ვაშინგტონის გადაწყვეტილება თბილისისთვის მორიგი დასტურია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს. საქართველოს ხელისუფლების ამ პოზიციას თავად აშშ-ის არგუმენტაციაც ამყარებს, განსაკუთრებით - ვენეციის კომისიის წინააღმდეგ. ევროსაბჭოს ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომელიც მხოლოდ სამართლებრივი და პროფესიული დასკვნების ავტორი უნდა იყოს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი ინსტრუმენტია.

რა ფასი ექნება ვენეციის კომისიის დასკვნებს საქართველოს შემთხვევაში, მაშინ, როდესაც ევროსაბჭოს ინსტიტუტს თანამშრომლობის კარი მსოფლიოს ერთ-ერთმა მთავარმა პოლიტიკურმა მოთამაშემ დაუხურა? - ხელისუფლების ოპონენტებს კითხვაზე პასუხი არ აქვთ. უჭირთ აღიარონ ისიც, რომ სტრასბურგში დაწერილი და ვენეციაში განხილული დოკუმენტები სამართლებრივ დასაბუთებას არ შეიცავს.

"ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ ვენეციის კომისია ერთ-ერთია, ვინც საერთაშორისო ურთიერთობების ეროზიასა და სამართლის პრინციპების დარღვევაში, მათ შორის, საქართველოს შემთხვევაში, დიდი წვლილი შეიტანა. ცალკეული სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების მოქმედებებმა კი მსოფლიო, საბოლოოდ, ახალი წესრიგის ჩამოყალიბების პროცესამდე მიიყვანა. როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ ახალ რეალობაში? - მმართველი პარტია აქცენტს პრაგმატულ და რაციონალურ პოლიტიკაზე აკეთებს.

კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელი, საერთაშორისო ენერგეტიკული ფორუმი, მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის საერთაშორისო ინსტიტუტი, ატლანტიკური თანამშრომლობის პარტნიორობა - თეთრი სახლის სიაში კიდევ 62 ორგანიზაციაა. ვაშინგტონს შესწავლა ჯერ არ დაუსრულებია და არ გამორიცხავენ, რომ ვრცელი სია უფრო გაიზარდოს.

 

დღის ამბები