11 აგვისტო 2026,   11:38
ვრცლად
სანქცია, როგორც პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტი - ოფიციალური თბილისისთვის მოსამართლეების წინააღმდეგ გამოყენებული სანქციები როგორც საფრანგეთის, ასევე საქართველოს შემთხვევაში, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა

მოსამართლეების წინააღმდეგ გამოყენებული სანქციები როგორც საფრანგეთის, ასევე საქართველოს შემთხვევაში, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა ოფიციალური თბილისისთვის. პარლამენტის თავმჯდომარე პარიზის სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას ჯერ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, მოგვიანებით კი ჟურნალისტებთან გაიხსენა, რომ უახლოეს წარსულში, სამართლებრივი პრინციპების უგულებელყოფით, თავად საფრანგეთი, ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებთან ერთად, ახალისებდა და მხარს უჭერდა ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებას.

ქართველი მოსამართლეების დასანქცირებისგან განსხვავებით, იმავე გადაწყვეტილების მიღება ფრანგი მოსამართლეების წინააღმდეგ მიუღებელი აღმოჩნდა საფრანგეთისთვის. პარიზის სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ თუ ამერიკა მის კოლეგების წინააღმდეგ შემზღუდავ ბერკეტებს გამოიყენებს, ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა იქნება. საუბარია "შპიგელის" ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო დეპარტამენტი იმ მოსამართლეების დასანქცირებას გეგმავს, რომლებმაც ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერის, მარინ ლე პენის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღეს. ლე პენი ევროკავშირის ფონდების არამიზნობრივ ხარჯვაში დამნაშავედ გაზაფხულზე ცნეს და მას პოლიტიკური თანამდებობის დაკავება 5 წლით აუკრძალეს.

ქართველი და ფრანგი მოსამართლეების დასანქცირებას შორის განსხვავების ახსნას შეეცადა ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტებისთვის საქართველოსა და საფრანგეთის მართლმსაჯულების შედარება მიუღებელია.

ფრანგი მოსამართლეების შესაძლო დასანქცირებას ბუმერანგის ეფექტს უწოდებენ სახელისუფლებო გუნდში. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ის, რაც ქართველი მოსამართლეების ნაწილის შემთხვევაში უკვე მოხდა, უარგუმენტო და სამართლებრივი დასაბუთების გარეშე მიღებული მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მიზანი კი შანტაჟი და დაშინებაა.

ფრანგი მოსამართლეების დასანქცირებასთან დაკავშირებით ამერიკის გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გაირკვევა. მანამდე კი თავად დონალდ ტრამპის პოზიცია ცნობილია - მან ჯერ კიდევ გაზაფხულზე, როცა მარინ ლე პენის გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოცხადდა, სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა. ამერიკის 47-ე პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს არის მაგალითი, თუ როგორ იყენებენ ევროპელი მემარცხენეები საკანონმდებლო ინსტრუმენტებს სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად.

დღის ამბები