15 აგვისტო 2026,   18:47
ვრცლად
ახალი გეოპოლიტიკური ვითარება და ჩამოშლილი საერთაშორისო წესრიგი - ახალ რეალობაში, მმართველი გუნდის შეფასებით, ევროკავშირი, როგორც ერთ-ერთი მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშე, აღარ არსებობს

ახალი გეოპოლიტიკური ვითარება და ჩამოშლილი საერთაშორისო წესრიგი საქართველოსთვის უკვე შემდგარი ფაქტი და მოცემულობაა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ათასწლეულების განმავლობაში განვლილი კატაკლიზმების მსგავსად, ხელისუფლებას, ახლაც ქვეყნის გადარჩენის და უსაფრთხოების შენარჩუნების პირობას უყენებს. როგორ უნდა გაიაროს მორიგი ბეწვის ხიდი საქართველომ ისე, რომ დიდი ძალების მიერ გამოწვეულ რყევებში ქვეყანა არ დაზიანდეს? - შალვა პაპუაშვილი წერს, რომ მთავარი, ეროვნული ინტერესია და უცვლელია ამოცანა - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აქტიურია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის შიდა თუ გარე მცდელობებიც.

შეცვლილ მსოფლიოში, იქ, სადაც დიდი პოლიტიკური მოთამაშეები ინტერესებს მუდმივად იცვლიან, საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, საქართველოს, როგორც პატარა სახელმწიფოს, დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმის ფუფუნება არ აქვს. მმართველი ძალა დარწმუნებულია, რომ ერთადერთი სწორი გზა, რაც ქვეყანას ზიანს აარიდებს და პირიქით, სარგებელს მიაღებინებს, მიზანმიმართული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარებაა.

ახალ რეალობაში "ქართული ოცნებისთვის" გამოიკვეთა კიდევ ერთი, რომ ევროკავშირი, როგორც ერთ-ერთი მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშე, აღარ არსებობს. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ბრიუსელის უსამართლო ქმედებებით და საქართველოს მიმართ საერთაშორისო სამართლის დარღვევით, ხელისუფლების მშვიდობის შენარჩუნების გეგმა კიდევ უფრო განმტკიცდა.

ხელისუფლებისთვის მიუღებელი სცენარი, მუდმივად მისაღებია ევროპელი ბიუროკრატების პარტნიორი ოპოზიციისთვის. "ნაციონალურ მოძრაობაში" ვერ პასუხობენ მთავარ კითხვას - როგორ უნდა იმოქმედოს ქვეყანამ გეოპოლიტიკური ტურბულენტობის პირობებში, თუმცა თამამად საუბრობენ და არ მალავენ, რომ ვენესუელის სცენარის განვითარების მომხრეები არიან.

ოპოზიციას, ჯერ მაიდნის, შემდეგ ნეპალის, ახლა კი ვენესუელის სცენარის განვითარების სურვილი და მიზანი რომ აქვს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დიდი ხანია ამბობენ. შეცვლილი რეალობის პირობებში, "ქართული ოცნებისთვის" ამოსავალი წერტილი ერთია, გაატაროს პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკა, რაც ქვეყანას მშვიდობის შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემს.

მსოფლიო კიდევ ერთი ახალი მოცემულობის წინაშე მას შემდეგ დადგა, რაც ვაშინგტონმა კარაკასში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა და 13 წლიანი მმართველობის შემდეგ, ვენესუელის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად განსასჯელის სკამზე დასვა.

დღის ამბები