სურსათის ფასებთან დაკავშირებით, საკოორდინაციო კომისია მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებს. კომისიის შემადგენლობა უკვე დამტკიცდა, მას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. წევრები არიან ეკონომიკის, ფინანსთა, სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე.
სურსათის ფასებზე კიდევ ერთი კომისია საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტშიც შეიქმნება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეფასებები გრძელდება. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინტერესების დაცვა, რაციონალური, დაბალანსებული და სამართლიანი მიდგომები.
"ის, რაც მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ბუნებრივია, რომ უფრო ლმობიერი უნდა იყოს ბიზნესის დამოკიდებულებაც მოსახლეობის მიმართ. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფოს აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, აქვს ეს პასუხისმგებლობა და ვალდებულება ბიზნესსაც. მოსახლეობის ინტერესის დაცვა იმისთვის, რომ კონკურენცია უზრუნველყოფდეს მაქსიმალურად ეფექტიან პირობებს მოსახლეობისთვის, შევეცდებით, რომ სწორი გადაწყვეტილებები და მმართველობის ფორმა მიეცეს.
სხვადასხვა დროს, მსგავსი რამ სხვადასხვა სექტორში შეიმჩნეოდა, ეს დაწყებული ენერგეტიკით, დამთავრებული ფასწარმოქმნის საკითხებით, ისეთ სფეროში, როგორიც არის მაგალითად, მედიკამენტების ბაზარი. ბუნებრივია, რომ რეფერენტული ფასების პოლიტიკამ გარკვეული სტაბილურობა შესძინა მედიკამენტების ბაზარს. ის კვლავაც მომგებიანია ბიზნესისთვის, თუმცა ნაკლები ტვირთის მატარებელია მოსახლეობისთვის. ვფიქრობ, რომ ასეთი რაციონალური, დაბალანსებული და სამართლიანი მიდგომები იქნება ერთმნიშვნელოვნად სწორი მიდგომა", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.