პატიმრობის შემდეგ, 8-თვიანი თავისუფლება და დასაქმების შესაძლებლობა - "კურიერის" რესპონდენტმა ციხეში ყოფნის პერიოდში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დახმარებით, სხვადასხვა კურსი გაიარა. პატიმრობაში ყოფნის პერიოდშივე, სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობდა, გათავისუფლების შემდეგ კი მალევე დასაქმდა.
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში პროფესიულ კურსებს პატიმრებს მთელი წლის განმავლობაში სთავაზობს.
ბენეფიციართა სოციალურ ინტეგრაცია, პიროვნული განვითარება და რესოციალიზაციის ხელშეწყობა - პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და "IT აკადემია სტეპ"-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულების საფუძველზე, სააგენტოს ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული კურსები გაიარონ.
35-ზე მეტი სასწავლო პროგრამა და 90-ზე მეტი ჯგუფი - 2025 წელს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში, სხვადასხვა სასწავლო პროექტში, 919 პატიმარი იყო ჩართული. უწყებაში აცხადებენ, რომ დასაქმებულებს ჯამში, ხელფასის სახით, 177 977 ლარი დაერიცხათ.
პენიტენციურ დაწესებულებებში სასწავლო პროექტები წელსაც გაგრძელდება. პატიმრებს შესაძლებლობა ექნებათ, შეისწავლონ კულინარია, სხვადასხვა დარგის ხელობა, ხელნაკეთი ნივთების დამზადება, ასევე გათვალისწინებულია არაერთი შემეცნებითი და საგანმანათლებლო კურსი, მათ შორის, ქართული ენის შესწავლა ეთნიკური უმცირესობებისთვის. 2026 წელს გაგრძელდება მსჯავრდებულთა დასაქმების პროექტებიც, რომლებიც პატიმრებს ახალ შესაძლებლობებს აძლევს.
ავტორი: თიკო ლობჯანიძე