ბუნებრივი სილამაზე, თავისუფალი სტილი და დაუმორჩილებელი ხასიათი - ბრიჯიტ ბარდო - ქალი, რომელმაც არა მარტო ფრანგული, არამედ მსოფლიო კინო სამუდამოდ შეცვალა.
ეკრანზე სითამამე გაბედა მაშინ, როცა წესები სხვაგვარად კარნახობდა და რასაც იმ ეპოქაში ცოტანი ბედავდნენ - იყო საკუთარი თავი.
პარიზში დაბადებულმა და კათოლიკურ ოჯახში გაზრდილმა მსახიობმა კარიერა ბალეტიდან დაიწყო. მშობლების მცდელობის მიუხედავად, ტრადიციულ-კათოლიკურ ჩარჩოებში მოქცეულიყო, საპირისპირო გზას დაადგა.
1949 წელს ჟურნალ Elle-ის გარეკანმა მსოფლიო ყურადღება მიიპყრო. გოგონა — გრძელი თმით, სპორტული სხეულით და განსხვავებული სტილით იყო გადაღებული. 16 წლის ბარდო საფრანგეთში ყველაზე ცნობილი გოგონა გახდა. ფოტოები არ გამორჩენია მარკ ალეგრეს - ფრანგ რეჟისორს, ეს კი იმ დიდი გზის დასაწყისი აღმოჩნდა, რამაც კინოში მიიყვანა.
მსოფლიო პოპულარობა „და ღმერთმა შექმნა ქალი“ მოუტანა — ფილმმა, რომელმაც ქალი პირველად აჩვენა, არა როგორც დეკორაცია, არამედ სურვილისა და დამოუკიდებლობის მქონე პიროვნება.
საფრანგეთში არც ისე წარმატებული ნამუშევარი, ამერიკაში სენსაციად იქცა. ბარდო "თავისუფლების ხატად" შერაცხეს, თამამი სცენების გამო კი, ზოგიერთ შტატში ფილმის ჩვენება აკრძალეს.
შემდეგი წლები მის კარიერაში დიდების პერიოდი იყო. მან ითამაშა ჟან-ლუკ გოდარის "ზიზღში", რომელიც კინოს ისტორიაში ერთ - ერთ საკულტო ნამუშევრად ითვლება. პარტნიორობა გაუწია ალენ დელონსა და მარჩელო მასტროიანს და გახდა საფრანგეთის კინო-ინდუსტრიის წამყვანი მსახიობი.
დღეს მისი კინო მემკვიდრეობა ორმოცდაათამდე ფილმს ითვლის.
ბარდოს პირადი ცხოვრება, სიყვარულის ისტორიები და სკანდალები მუდმივად მედიის ყურადღების ცენტრში იყო. რამდენიმე სასიყვარულო რომანის შემდეგ მსახიობი ჟან შარიეზე ფილმში "ბაბეტი ომში მიდის" მონაწილეობის შემდეგ დაქორწინდა, რომელშიც წყვილმა ერთად ითამაშეს.
1973 წელს, 39 წლის ასაკში, ბრიჯიტ ბარდომ კარიერა დაასრულა და ცხოვრება სრულიად სხვა ბრძოლას - ცხოველთა უფლებების დაცვას მიუძღვნა. „ახალგაზრდობა და სილამაზე კაცებს შევწირე, ახლა კი ცხოველებს უნდა დავეხმარო“, — ამბობდა ის.
მოგვიანებით, "ბრიჯიტ ბარდოს ფონდი" დააფუძნა, აქტიურად აპროტესტებდა ცხოველთა ექსპლუატაციას, კრიტიკულად აფასებდა საერთაშორისო პრაქტიკებს და საკუთარ ავტორიტეტს რეალური ცვლილებების მისაღწევად იყენებდა. ფრანგული კინოს ლეგენდიდან "აქტივისტი" ბრიჯიტ ბარდო გახდა.
მსოფლიო ემშვიდობება ქალს, რომელმაც კინოში ეპოქა შექმნა. ბრიჯიტ ბარდო 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი