"უკვე დიდი ხანია, ბრიუსელი გაცდენილია გონივრული გადაწყვეტილების ჩარჩოებს, - ეს ჩანს საქართველოსთან და, სხვათა შორის, უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენ გონივრულობას ნუ ვეძებთ ბრიუსელის გადაწყვეტილებაში, სამართლიანობა კი უკვე კარგა ხანია დაკარგული აქვს მათ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვერაფერს გამოვრიცხავთ ამ პროცესში, დანამდვილებით ერთადერთი ვიცით, რომ ჩვენს სუვერენიტეტს არცერთ პოლიტიკურ შანტაჟზე არ გავცვლით," - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით გააკეთა.
"მთავარია, ქართველი ხალხი უკვე დარწმუნდა, რა დგას ამ გადაწყვეტილების უკან, რომ არანაირი სამართლიანობა და ობიექტური კრიტერიუმები არ მოქმედებს. არის ერთადერთი მავნე პოლიტიკური მიზნები, რომ დააზიანონ საქართველო და მისი მოქალაქეები. ეს მავნე მიზნები დღეს აქვს ბრიუსელს საქართველოს მიმართ.
ისიც გავიხსენოთ, რომ დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების გადაწყვეტილება იყო 2010 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევა, რამაც ბრიუსელი და ევროკავშირი გამოიყვანა საერთაშორისო სამართლის დამრღვევად, რასაც სხვას ედავებიან ხოლმე, ხოლო თავად, იმის გამო, რომ ოღონდ რაღაცნაირად მიეღწიათ შედეგისთვის, რომ ხელისუფლება შეეცვალათ საქართველოში, წავიდნენ საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე. ასე რომ, როცა საერთაშორისო სამართლის დამრღვევია ბრიუსელი და ევროკავშირის ხელმძღვანელობა, აქ უკვე ყველაფერი შეიძლება მოსალოდნელი იყოს," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.