18 აგვისტო 2026,   03:42
ვრცლად
თენგიზ შარმანაშვილი გვარამიას და სამადაშვილის განცხადებაზე: სიტყვა მოღალატეობრივიც ალალი იქნება მათთვის ვინც ასე აზროვნებს

ოპოზიციის მორიგი სახიფათო და მოღალატეობრივი გეგმა - ასე აფასებს მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას და სალომე სამადაშვილის განცხადებებს ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით.

ნიკა გვარამიამ ჯერ თქვა, რომ აფხაზეთი არის ტრავმული მეხსიერება, შემდეგ კი ურთიერთობის დალაგების საუკეთესო მაგალითად მოიყვანა ფაშინიანი, რომელმაც მისი თქმით ყარაბაღი დათმო.

სალომე სამადაშვილის განცხადებით კი, საქართველო აფხაზებისთვის უკეთეს ალტერნატივას ვერ ქმნის. "მორიგი დავალება უცხოური აგენტურისგან" -ეს არის ქართული ოცნების შეფასება.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ რადიკალური ჯგუფების მიერ ეროვნული იდენტობის, ისტორიული მეხსიერებისა და ტერიტორიული მთლიანობის დათმობის გეგმა სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული კაპიტულაციაა.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განმარტებით, ოპოზიციის გეგმა მათთვის გასაგებია, თუმცა მათ არაფერი გამოუვათ, რადგან საქართველოს მოქალაქეები, ტერიტორიების დათმობის მცდელობებს არავის აპატიებენ.

"სიტყვა მოღალატეობრივიც ალალი იქნება მათთვის ვინც ასე აზროვნებს. ეს ტრავმული მეხსიერება არ არის, ეს არის ჩვენი სამშობლო, ჩვენი სამშობლოს ნაწილი.

ახლა რაც შეეხება ყარაბაღთან მის შედარებას, ყარაბაღი იყო და არის ოფიციალური ტერიტორია აზერბაიჯანისა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ჰქონდა აღიარებული, როგორც აზერბაიჯანის ტერიტორია, ისევე, როგორც გაერთიანებულიო ერების ორგანიზაციას ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიად აქვს აღიარებული. როგორ შეიძლება ამის ერთმანეთთან შედარება.
ეს ტრავმული მეხსიერება კი არ არის, ეს ჩვენი სამშობლოა და მისი ნაწილია, მართლა თქვე უსამშობლოებო. როგორ შეიძლება ამ თემაზე საერთოდ ლაპარაკი.

ერთი ცენტრიდან იმართებიან, მთელი უსამშობლოთა კოჰორტა აამუშავეს ამ უაზრო იდეის დასამკვიდრებლად, მაგრამ ტყუილად ცდილობენ. ქართველებს ჩვენი სამშობლოს ტერიტორიებს თავიდან ვერავინ ვერ ამოუშლის.
ძალიან კარგად ვხვდებით საითკენ მიჰყავთ საქმე და რის აპრობაციას ცდილობენ. ახლა ჩვენს რეაქციას უნდა დააკვირდნენ, აბა ქართველ ხალხს ეს მოეწონება თუ არ მოეწონება, ხელს ჩაიქნევს თუ რა. ვურჩევ, ასეთ ექსპერიმენტს ნურავინ ნუ ჩაუტარებს საკუთარ თავს, არც ერთი ქართველი ამაზე არა თუ მოქმედებას, ლაპარაკსაც არ აპატიებს არავის", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

დღის ამბები