17 აგვისტო 2026,   23:04
ვრცლად
დავით ქართველიშვილი თამთა მიქელაძეზე: იგივე ადამიანები ბრალს უყენებდნენ ხელისუფლებას, რომ ემზადება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისკენ, დღეს ანექსიის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ, მხარს უჭერენ რუსეთისთვის აფხაზეთის დათმობას

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გვარამიას მიერ რუსეთისთვის აფხაზეთის დათმობის მხარდაჭერაზე თამთა მიქელაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის შეფასებითაც, „ეს იყო შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსი გასცდა ტრადიციულ პოლიტიკურ რიტორიკას და შემოგვთავაზა კონფლიქტის მოგვარების რაციონალური და პრაგმატული პარადიგმა“.

ქართველიშვილის თქმით, ჯერ კიდევ გუშინწინ იგივე ადამიანები ბრალს უყენებდნენ მოქმედ ხელისუფლებას, რომ იგი ემზადება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისკენ, დღეს კი პირდაპირ ანექსიის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ და იწონებენ და მხარს უჭერენ რუსეთისთვის აფხაზეთის დათმობას.

„ჯერ კიდევ გუშინწინ იგივე ადამიანები ბრალს უყენებდნენ მოქმედ ხელისუფლებას, რომ იგი ემზადება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისკენ. შემდეგ, გუშინ, თვითონვე დაიწყეს საუბარი საქართველოს იმ ნაწილების, რომლის ოკუპაციაში სასარგებლო იდიოტების, თუ რუსეთის აგენტურის როლში, თავად მონაწილეობდნენ - ვითარცა "ბალასტის" მოშორების თაობაზე.
დღეს კი - პირდაპირ ანექსიის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ და იწონებენ და მხარს უჭერენ რუსეთისთვის აფხაზეთის დათმობას. ამ ყველაფრის შემდეგ, რომელიმე ნორმალურ ადამიანს შეიძლება ამ მოღალატეებთან დისკუსიის გაგრძელება - ან რატომ დააბრალეს საკუთარ ჯარისკაცებს ომის დაწყება, ან ვინ აბარებს ქვეყანას რუსეთს ნაწილ-ნაწილ.
ერთადერთი რაც ვიცი - რომ ნორმალური საზოგადოება უკიდურესი გადაღლის ისეთ დონემდეა უკვე მისული, ამ მოღალატეების მხრიდან საქართველოს განადგურების მიზნით თავისი ყოველდღიური აქტიურობის გამო - რომ ქვეყანაში ამ ყველაფრის აღმოფხვრის სამართლებრივი მექანიზმების არსებობის თაობაზე უკვე სერიოზული ეჭვები გვებადება...”- წერს ქართველიშვილი.

დღის ამბები