ხელოვნური ინტელექტი აღარ არის სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილი. 2025 წელს ის წერს ტექსტს, ქმნის გამოსახულებას, ლაპარაკობს ადამიანივით, ზოგ შემთხვევაში კი, გადაწყვეტილებებს ჩვენზე სწრაფადაც იღებს.
რამდენიმე წლის წინ, ხელოვნურ ინტელექტზე მომავალ დროში ვსაუბრობდით. დღეს კი ის უკვე აქ არის და აქვს გავლენა იმაზე, თუ როგორ ვცხოვრობთ, ვმუშაობთ, ვსწავლობთ და მეტიც – როგორ აღვიქვამთ რეალობას.
2025 წელი ხელოვნური ინტელექტისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ის მასობრივი გამოყენების ინსტრუმენტი გახდა. ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობა აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური კომპანიების პრივილეგია. ის უკვე ჩაშენებულია ჩვენს სმარტფონებში, მას იყენებენ სკოლებში, უნივერსიტეტებსა და საავადმყოფოებში - თითქმის ყველგან, სადაც ადამიანი მუშაობს ან სწავლობს.
გაცემული ბრძანებით, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია რამდენიმე წამში დაწეროს თქვენთვის სასურველი სტატია, შექმნას რეალურისგან თითქმის განურჩეველი ვიდეო ან ფოტო გამოსახულება, მყისიერად თარგმნოს ტექსტი. მას კონკრეტული ადამიანის ხმის იმიტაციაც კი შეუძლია.
ის, რასაც ადრე საათები, დღეები და კვირებიც კი სჭირდებოდა, დღეს ერთ წუთზე ნაკლებ დროში სრულდება. სწორედ ხელოვნური ინტელექტის ეს სისწრაფე ცვლის ყოველდღიურობას და აჩქარებს ჩვენს ცხოვრებას.
წელს ჟურნალმა TIME-მა ხელოვნურ ინტელექტს სპეციალური გარეკანი მიუძღვნა. ჟურნალის ყდაზე არიან "ხელოვნური ინტელექტის არქიტექტორები" - ინჟინრები, მკვლევრები და ტექნოლოგიური გიგანტი კომპანიების ხელმძღვანელები, ვინც ქმნიან იმ ციფრულ სისტემას, რომელიც, სავარაუდოდ, მომდევნო ათწლეულებში კაცობრიობის მომავალს განსაზღვრავს.
TIME-ის გზავნილი ნათელია - AI აღარ არის უბრალოდ ინსტრუმენტი. ეს არის სუპერძალა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს პოლიტიკა, ეკონომიკა და საზოგადოება.
ინოვაციას ყოველთვის ახლავს სკეპტიციზმი. ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება ერთ-ერთი მთავარი შიში - სამუშაო ადგილების დაკარგვა. ჯერჯერობით, ამ თემაზე ნერვიულობა არ ღირს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი პროფესია შესაძლოა გაქრეს, სანაცვლოდ ბევრი ახალი იქმნება.
ჟურნალისტები AI-ს იყენებენ ინფორმაციის შესაგროვებლად და მასალის მოსამზადებლად, ექიმები - დიაგნოზის დასასმელად და მედიცინის განვითარებისთვის, ბიზნესი - ბიზნესპროცესებისა და მარკეტინგული კამპანიების დასაგეგმად.
ექსპერტები ამბობენ, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს არ ანაცვლებს - ის ანაცვლებს ამოცანებს და ისინი, ვინც AI-სთან ერთად მუშაობას სწავლობენ, მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობენ.
2025 წელს ხელოვნური ინტელექტი აღარ არის მხოლოდ დიაგნოზის დამხმარე ინსტრუმენტი. გარკვეულ შემთხვევებში, ის უკვე ადამიანის ნერვულ სისტემასთან მუშაობს. მსოფლიოს სხვადასხვა კვლევით ცენტრებში, მეცნიერები ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ იმისთვის, რომ თავის ტვინსა და ზურგის ტვინს შორის დაზიანებული კავშირი აღადგინონ. პაციენტები, რომლებიც წლების განმავლობაში პარალიზებულად ითვლებოდნენ, პირველად ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას. ექიმები ამბობენ, რომ ეს ტექნოლოგია პარალიზებას არ კურნავს, მაგრამ ის ტვინს საშუალებას აძლევს, სხეულს კვლავ დაუკავშირდეს.
ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ გადადის ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში დიაგნოსტიკიდან - დაკარგული ფუნქციების აღდგენისკენ, თუმცა ხელოვნურმა ინტელექტმა 2025 წელს შეცვალა არა მხოლოდ მედიცინა - არამედ ომიც. უკრაინის ომმა ნათლად აჩვენა, როგორ იქცა თანამედროვე კონფლიქტი მონაცემებზე, სიჩქარესა და ალგორითმებზე დაფუძნებულ ბრძოლად. კონფლიქტში AI გამოიყენება დრონებიდან და სატელიტებიდან მიღებული ინფორმაციის დასამუშავებლად, მოწინააღმდეგის გადაადგილების დასაფიქსირებლად და საფრთხეების წინასწარ შესაფასებლად.
ის, რასაც ადრე სამხედრო ანალიტიკოსები საათების განმავლობაში ამუშავებდნენ, დღეს ალგორითმები წამებში აანალიზებენ. დღეს ომი სულ უფრო მეტად ემყარება სიჩქარეს, მონაცემებს და ხელოვნურ ინტელექტს.
2025 წელს ხელოვნური ინტელექტი კიდევ ერთ გლობალურ გამოწვევას შეეჭიდა - კლიმატის კრიზისს. AI გამოიყენება ტყის ხანძრების, წყალდიდობებისა და გვალვების პროგნოზირებისთვის. ალგორითმები აანალიზებენ ამინდის, მიწის მდგომარეობისა და სატელიტურ მონაცემებს და საფრთხის შესახებ ხელისუფლებას წინასწარ აფრთხილებენ. ზოგ შემთხვევაში, ეს გაფრთხილება დღეებით ადრე ვრცელდება, რაც ადამიანებს ევაკუაციისა და სიცოცხლის გადარჩენის საშუალებას აძლევს.
ტექნოლოგია, რომელიც ადრე კომფორტს ემსახურებოდა, ახლა გადარჩენის ინსტრუმენტად იქცა, მაგრამ შესაძლებლობებთან ერთად ჩნდება რისკებიც. ხელოვნური ინტელექტით შექმნილი დიპ-ფეიქების [ვიდეოს გაყალბება] რეალური კადრებისგან გარჩევა სულ უფრო რთული ხდება. ცრუ ინფორმაცია დღეს ბევრად სწრაფად ვრცელდება.
სახელმწიფოები ხელოვნური ინტელექტის რეგულირებას ცდილობენ — პირადი მონაცემების დასაცავად, ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.
ხელოვნური ინტელექტი ისტორიაში ყველაზე სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიაა. ახლა კი საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად სწრაფად სურს მას გაჰყვეს.
ავტორი: სანდრო სანაია