15 აგვისტო 2026,   19:35
ვრცლად
"ეგ ხალხი რასაც აკეთებდა, იმ საქმეში მე არ ვმონაწილეობ" - ბაჩო ახალაია 9 ოქტომბრის ინტერვიუში

4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული ოპოზიციური პარტიების ლიდერების დანაშაულის აღიარებად აფასებს მმართველი გუნდი ბაჩო ახალაიას ინტერვიუს, რომელიც 9 ოქტომბერს არის ჩაწერილი.

ინტერვიუში, რომელიც 26 დეკემბერს გამოქვეყნდა, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსანი მურთაზ ზოდელავასა და პაატა ბურჭულაძეზე საუბრობს და კითხვაზე, გეგმავდა თუ არა ამ ადამიანებთან ერთად, სახელმწიფო გადატრიალებას, ამბობს, რომ რასაც ისინი აკეთებდნენ, ის იმ საქმეში არ მონაწილეობს.

ამავე ინტერვიუში ახალაია საუბრობს მიზეზებზეც, რატომ ჩავარდა გადატრიალების გეგმა. ახალაია ამას აქციის მონაწილეების გაუბედაობას აბრალებს. აკონკრეტებს, რომ გულისხმობს არა ლიდერების, არამედ იქ მდგომი პირების გაუბედაობას.

ჟურნალისტი: "ძალიან პრიმიტიული კითხვა უნდა დავსვა, გეგმავდით თუ არა ამ ადამიანებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებას?"

ბაჩო ახალაია: "ამ თვალსაზრისით ჩვენ სამ შორის ასეთი შეხვედრები არა იმიტომ, რომ ეგ ხალხი რასაც აკეთებდა, იმ საქმეში მე არ ვმონაწილეობ სხვადასხვა მიზეზის გამო. არ ვარ ჩართული ასეთ პროცესებში“, - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

ინტერვიუს ნაწილი სტატუსთან ერთად, სოციალურ ქსელში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გაავრცელა. "ინტერვიუში ისეთ რამეს ამბობს ახალაია, რომ ხვალ დილიდან გოგოტიშვილს კარგი დღე არ დაადგება ამ ინტერვიუს გამოქვეყნებისთვის. წამოსცდა, ამოჭრა დაავიწყდათ თუ რა მოხდა, ამაზე თვითონ იდარდონ. დანარჩენს თავად მოუსმინეთ," - დაწერა ლევან მაჭავარიანმა ფეისბუქზე.

პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ფაქტებზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა.

დღის ამბები