13 აგვისტო 2026,   13:20
ვრცლად
"რა მეთოდებს იყენებს Deep state-ი იმისთვის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სათავეში საკუთარი ინტერესების მორჩილი, ხელისუფლებები მოიყვანოს?" - კითხვას ვრცელი წერილით, ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი პასუხობს

რა მეთოდებს იყენებს Deep state, იმისთვის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სათავეში საკუთარი ინტერესების მორჩილი, ხელისუფლებები მოიყვანოს? - კითხვას ვრცელი წერილით, ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი პასუხობს და იმ გზებზე საუბრობს, რომელსაც არაფორმალური მმართველობა ქვეყნების მართვის სადავეების ხელში ჩასაგდებად იყენებს. აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო შტო და მედია - შათირიშვილის თქმით, Deep state გავლენის მოპოვებას სწორედ ამ 4 მიმართულებით ცდილობს. ის ღიად ამბობს, რომ ევროპარლამენტი იქცა ორგანოდ, რომლის წარმომადგენლებიც ოლიგარქიული გავლენებით მოქმედებენ.

შათირიშვილის თქმით, Deep state-ის ერთ ერთი მთავარი სამიზნე სასამართლოა. წერილში ფილოსოფოსი ყოფილი სახელისუფლებო გუნდის მიერ სასამართლო სისტემის რეორგანიზაციას იხსენებს, აკრიტიკებს და ამბობს, რომ რომ არაფორმალური მმართველობისგან ქართული სასამართლო "ქართულმა ოცნებამ" იხსნა.

ყურადღებას ამახვილებს მედიაგარემოზეც. შათირიშვილის თქმით, დღეს საქართველოში მედია თავისუფალია, თუმცა, ამის მიუხედავად, მედიაგარემოს გაუარესების გამო აკრიტიკებენ.

ის, რაზეც ვრცელ წერილში ზაზა შათირიშვილი საუბრობს, არასერიოზული და არარეალურია ოპოზიციისთვის.

წერილის სულისკვეთებას იზიარებს მმართველი გუნდი.

დემოკრატიული სისტემის მოშლა - პრემიერ-მინისტრის თქმით, Deep state-ის მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება სწორი პოლიტიკით დაუპირისპირდა.

ზაზა შათირიშვილმა ვრცელი წერილი დღეს გაავრცელა.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები