13 აგვისტო 2026,   12:20
ვრცლად
მთავრობა სურსათის ფასის რეგულირებას გეგმავს - პრემიერ-მინისტრის თქმით, უწყებები სურსათის ფასის ობიექტურ მდგენელზე იმუშავებენ

საქართველოს ხელისუფლება სურსათზე ფასნამატის დარეგულირების მიზნით ყველა მექანიზმის ამოქმედებას გეგმავს. კონკურენციის სააგენტო, ეკონომიკის სამინისტრო, საპარლამენტო კომისია და კარტელური გარიგებების აღმოჩენის შემთხვევაში უსაფრთხოების სამსახური - პრემიერ-მინისტრის თქმით, ყველა უწყება სურსათის ფასის ობიექტურ მდგენელზე იმუშავებს. ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საბაჟოდან ქსელური მარკეტების დახლებამდე პროდუქციის ღირებულება საშუალოდ 86 პროცენტით ძვირდება, რაც მოქალაქეებისთვის პრობლემებს ქმნის.

პრემიერის ინიციატივა, რომ ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ამას რამდენიმე მიზეზით ხსნის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე. არჩილ გორდულაძემ ჯერ სოციალურ ქსელში "ნაციონალურ მოძრაობას" სისხლის სამართლის კოდექსის 195 მუხლიდან ამოღებული თავები შეახსენა, რომელიც ანტიმონოპოლიურ თემებს ეხებოდა. შემდეგ კი მედიასთან ისიც განმარტა, რომ დაკავებული და ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების ქმედებები ნაციონალურ მოძრაობასთან სინქრონში, სერიოზულ ეჭვებს აჩენს.

რატომ შეცვალა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა - ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი პარტიაში არ აქვთ. თუმცა, ამტკიცებენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბიზნესი თავისუფალი და ხელშეუხებელი იყო. საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას გეგმავს გახარიას გუნდი. საპარლამენტო ოპოზიცია ინიციატივას დაგვიანებულადაც კი მიიჩნევს.

ოპოზიციისა და დაკავებული მაღალჩინოსნებს შორის საეჭვო კავშირებზე საუბრობენ საპარლამენტო უმრავლესობაშიც. ამბობენ, რომ სუს-ის დაკავებული ექს-შეფისა და ოპოზიციის ინტერესებს შორის კვეთა ბევრ კითხვას, მათ შორის სურსათის ფასებთან დაკავშირებით სავარაუდო დანაშაულების ირგვლივაც აჩენს.

მთავრობა, სურსათის ფასების დარეგულირებისა და ევროპულთან გათანაბრების მოტივით აქტიურ მუშაობას რამდენიმე მიმართულებით იწყებს. კომპეტენციის ფარგლებში საქმეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც შეისწავლის.

დღის ამბები