12 აგვისტო 2026,   07:15
ვრცლად
ნარკოდანაშაულის საქმე - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი რუსეთის მოქალაქეს სამგზავრო ჩანთაში ჰქონდა დამალული

ალისა განელესს ბრალის დადგენილება გააცნეს, ხელბორკილები დაადეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. რუსეთის მოქალაქემ საქართველოში 1 კგ და 200 გრამი კოკაინი შემოიტანა. საზღვრის გადმოკვეთის და შემოწმების გავლის შემდეგ, ახალგაზრდა ქალი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა აეროპორტშივე დააკავეს.

საქართველოში შემოტანილი კილო და ორასი გრამი კოკაინის ფასი შავ ბაზარზე მილიონ ლარზე მეტია. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი რუსეთის მოქალაქეს სამგზავრო ჩანთაში ჰქონდა დამალული.

"კურიერის" ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩამოფრენილ მგზავრზე ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს. საზღვარზე შემოსვლისთანავე, ახალგაზრდა ქალი გადაამოწმეს და გახსნეს ბარგი. მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ნარკოტიკი, მუქი ფერის ჩემოდანში, სპეციალურ სამალავში საგულდაგულოდ იყო დამალული, კოკაინი რამდენიმე ფენა პოლიეთილენის პარკით იყო შეფუთული.

ვინ იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობის კოკაინის ადრესატი და რა მიზნით შემოიტანა ქალმა ნარკოტიკი საქართველოში? ამის დასადგენად, სამართალდამცველები ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. აეროპორტში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების დეტალებზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ისაუბრა.

რუსეთის მოქალაქის დაკავების საქმეზე დღეს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეს ბრალი უკვე ოფიციალურად წარედგინა და, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ალისა განელს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვა და საქართველოში შემოტანის მუხლებით გრძელდება.

დღის ამბები