01 აგვისტო 2026,   06:53
ვრცლად
"სამსახური, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის სრული დაცვით, მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას" - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურ გიგაურის მხრიდან "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის ბულინგის საქმეზე

ეკა გიგაურის მხრიდან "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის ბულინგის დასადგენად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ორთვიანი ვადა არ ეყო და წარმოების განხილვა 9 იანვრამდე გადადო. ბულინგისთვის მიზეზი ეკა გიგაურისთვის ჟურნალისტ თეონა გუდაბანძის მიერ "რუსთავი 2-ის" გამოკითხვა და გამოქვეყნებული სტატია გახლდათ სახელწოდებით: "აპირებენ თუ არა ოპოზიციურად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები არჩევნებში მონაწილეობას".

ეკა გიგაურმა ჟურნალისტის "ვოცაფის" ფოტო და ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა, რომელიც დაფარა, თუმცა მისი ამოცნობა ნებისმიერ პირს შეეძლო. უწყებას, რომელსაც პერსონალური მონაცემების უკანონოდ გასაჯაროებაზე რეაგირების მოხდენა ევალება, "რუსთავი 2-მა" სტატიის გამოქვეყნებიდან მალევე, 6 ოქტომბერს მიმართა. საქმე წარმოებაში მიიღეს, თუმცა გადაწყვეტილება დღემდე არ გამოქვეყნებულა.

სამსახურში აცხადებენ, რომ წარმოების განხილვის გადავადების გადაწყვეტილება საქმის გაჭიანურების მიზნით არ მიუღიათ. 

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში წარმოდგენილია სიუჟეტში ნახსენები, 2025 წლის 6 ოქტომბრის განცხადება, რომლითაც განმცხადებელმა მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა მოითხოვა.

სამსახურმა, საქართველოს კანონმდებლობის დაცვით, 2025 წლის 10 ოქტომბერს აღნიშნული განცხადება მიიღო განსახილველად და დაიწყო საქმის წარმოება, რის თაობაზეც აცნობა განმცხადებელს.

სამსახურის უფროსის 2024 წლის 1 მარტის №34 ბრძანებით დამტკიცებული "პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის წესით“ გათვალისწინებული მოქმედებები, მათ შორის, შეისწავლა საქმის გარემოებები, გადაამოწმა ფაქტობრივი მასალა, გამოითხოვა და მიიღო ახსნა-განმარტებები მხარეებისგან.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ვადა 2 თვეს შეადგენს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დასაბუთებული გადაწყვეტილებით მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით.

სამსახურმა დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიიჩნია საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის, საჯარო პირების და ჟურნალისტების მონაწილეობით მსგავს შემთხვევებთან დაკავშირებული საუკეთესო პრაქტიკის მოძიება და სრულყოფილად გაანალიზება.

სწორედ ამ მიზნით (და არა რაიმე სხვა მიზეზით საქმის წარმოების გაჭიანურების მიზნით), მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებული განცხადების განხილვის ვადის (3 თვე), საჭიროების შემთხვევაში, გამოყენების თაობაზე.
სამსახური, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის სრული დაცვით, მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას, რის შესახებაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობებათ მხარეებს.

აქვე გაცნობებთ, რომ "პრეცედენტული გადაწყვეტილებების კრებულში" აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება ვერ მოხვდებოდა, ობიექტური მიზეზის გამო, რადგან როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა მასზე მუშაობა ჯერ დასრულებული არ არის", - აღნიშნულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ მომზადებულ წერილში. 

დღის ამბები