პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციის მხარდამჭერ აქტივისტ, ნანა დიხამინჯიას შესახებ საუბრობს. რადიკალიზმის და სიძულვილის ენის წახალისება - ასე აფასებს არჩილ გორდულაძე დიხამინჯიას და "თი ბი სი" ბანკის თანამშრომლობას. საუბარია ბანკის პროექტზე სახელწოდებით "კონსპექტი", რომელშიც დიხამინჯია ტექნოლოგიური განათლების თემაზე საუბრობს.
ემიჯნება თუ არა "თი ბი სი" ბანკი დიხამინჯიას პოლიტიკურ, რადიკალურ, ზიზღისა და აგრესიის შემცველ განცხადებებს - ამ კითხვებით "კურიერმა" ბანკს წერილობითაც მიმართა - პასუხი კი არ მიუღია. თუმცა, ბანკთან კომუნიკაციის შემდეგ, "თი ბი სის" "ფეისბუკ" გვერდზე, ნანა დიხამინჯიას ვიდეო-ლექცია ახლა უკვე აღარ იძებნება.
მას შემდეგ, რაც დიხიმანჯიას დაანონსებული რევოლუცია ვერ შედგა, ოპოზიციის მხარდამჭერი აქტივისტი, რომელიც პარალელურად გიული ალასანიას უნივერსიტეტის მრჩეველია, სოციალურ ქსელში და გარკვეულ მედიასაშუალებებში აქტიურობს.
მთავრობის ოპონენტები მათივე მხარდამჭერი დიხიმანჯიას "თი ბი სი-სთან" თანამშრომლობაში პრობლემას ვერ ხედავენ. ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ ბანკი კერძო კომპანიაა და თავად წყვეტს ვინ უნდა დააფინანსოს.
მმართველ გუნდში კი, დიხიმანჯიას სიძულვილის ენის შემცველ არაერთ განცხადებას იხსენებენ და სვამენ კითხვას - რას ემსახურება "თი ბი სი" ბანკის მხრიდან ასეთ პირთან თანამშრომლობა.
"თი ბი სი" ბანკმა ნანა დიხამინჯიას ვიდეო-ლექცია პროექტ "კონსპექტის" ფარგლებში გაავრცელა.