შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ელჩების კონფერენცია საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეულ პოლიტიკაზე საუბრით გახსნა. უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების პარალელურად, საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ეროვნულ ინტერესებს უნდა ეფუძნებოდეს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აქცენტი გააკეთა საგარეო უწყების ფუნდამენტურ რეფორმაზე, რაც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს ეროვნული ინტერესების დასაცავად და მთავრობის პრიორიტეტების განსახორციელებლად, ძლიერი, მოქნილი, ეფექტური საგარეო სამსახური ჰყავდეს.
არაღიარების პოლიტიკა და ორი ისტორიული რეგიონის დეოკუპაცია - ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა. შეცვლილი საერთაშორისო დღის წესრიგისა და გარდაქმნების პირობებში, მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ამოსავალი წერტილი ისევ რეგიონული და გლობალური მშვიდობის განმტკიცებაა. უსაფუძვლო ბრალდებების, დეზინფორმაციის მასშტაბური კამპანიისა და ზეწოლის ფონზე, უცვლელია საქართველოს პრინციპული პოზიციაც - აწარმოოს თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებული ღია დიალოგი.
გარე ძალების მხრიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების აუცილებლობაზე გააკეთა აქცენტი პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ქვეყნის სამხედრო კონფლიქტში ჩართვის მცდელობის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს რაციონალურ და პრაგმატულ პოლიტიკაზე დაფუძნებულ საერთაშორისო ურთიერთობებს. მშვიდობა, რომლის შენარჩუნებაც საქართველომ გარე თუ შიდა ზეწოლის ფონზე შეძლო, ირაკლი კობახიძის თქმით, არა შემთხვევითი მოცემულობა, არამედ სწორედ გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.
მაშინ, როდესაც ამერიკული პოლიტიკის ერთადერთი პრიორიტეტი ქვეყნის ეროვნული ინტერესია, ევროპა და ევროკავშირი კი ამ პროცესში სტრატეგიული გაურკვევლობის წინაშე არიან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შემდგარი ფაქტია, რომ საქართველომ გაუძლო უპრეცედენტო საგარეო ზეწოლასა და წნეხს, რომლის მიზანი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, შიდა პოლიტიკური პროცესების ხელოვნური შეცვლა და საზოგადოების განწყობების აქტიური მანიპულაცია იყო. ქვეყნის პირველი კანონმდებლის თქმით, საქართველოს მიერ არჩეული მშვიდობის პოლიტიკა იყო სახელმწიფოებრივი არჩევანი, რომელმაც ქვეყანა ყველაზე სახიფათო ეტაპზე გადაარჩინა.
ელჩების კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვა გააცნო ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ გააცნო.
ელჩების კონფერენციის ფარგლებში განვლილი წელი შეაჯამეს და მომავალი წლის პრიორიტეტებზე მედიასთან ისაუბრეს ქართველმა დიპლომატებმაც.
ელჩების 2025 წლის კონფერენცია დღეს გაიხსნა და მომდევნო 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.