19 ივნისი 2026,   02:41
ვრცლად
ანგარიში შერჩევით - რატომ ამოიღო ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვის შესახებ ანგარიშებიდან კორუფციისა და ადამიანის უფლებების მიმოხილვა და რატომ დახუჭა თვალი უკრაინის კორუფციულ სქემებზე

საქართველო, უკრაინა, მოლდოვა - 3 ანგარიში, 3 ქვეყანა, თუმცა განსხვავებული მიდგომები - რატომ ამოიღო ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვის შესახებ ანგარიშებიდან კორუფციისა და ადამიანის უფლებების საკითხი მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნების და მათ შორის საქართველოს შემთხვევაში, მიმოხილული ექვსივე თავიდან, ამ ორი კონკრეტული მიმართულებით შეფასების დოკუმენტში ვრცელი ანალიზია და მოთხოვნა - გააგრძელოს საქართველოს ხელისუფლებამ პრობლემების აღმოსაფხვრელად ღიად გაწერილი მუშაობა.

თუმცა დოკუმენტში არავინ არაფერს ამბობს მოლდოვისა და უკრაინის შესახებ, სადაც კორუფციული სქემები ერთმანეთის მიყოლებით იშიფრება.

რატომ არის გამოტოვებული კორუფციისა და ადამიანის უფლებების შესახებ თავი ორი კანდიდატი ქვეყნის შემთხვევაში? - "კურიერმა" ამ კითხვით ევროკავშირის საელჩოს მიმართა.

შეგახსენებთ, უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ ენერგეტიკულ სექტორში ასი მილიონი დოლარის კორუფციული სქემა გამოავლინა. დანაშაულებრივ საქმიანობაში სახელმწიფო კომპანია "ენერგოატომი" იყო ჩართული. გამოძიების ინფორმაციით, "ენერგოატომის" კონტრაქტორები იძულებულები იყვნენ კომპანიისთვის ქრთამი გადაეხადათ, რომ მათი პროდუქცია არ დაბლოკილიყო, სქემას კი, ზელენსკის გარემოცვის წევრები ხელმძღვანელობდნენ.

ქრთამისა და ფულის გათეთრების საქმეებში 10-მდე პირია ბრალდებული, მათ შორის არიან ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მრჩეველი და კომპანია ენერგოატომის ხელმძღვანელი პირები. სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკვე პატიმრობაშია 5 პირი. საქმე  ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების წინააღმდეგ აღიძრა, ზოგიერთი ქვეყნიდან გაიქცა.

კორუფციული სკანდალის კვალი უკრაინელ მაღალჩინოსნებამდე და ზელენსკის ახლო გარემოცვამდე მივიდა. კორუფციის გამო სასამართლო ელის უკრაინის პრეზიდენტის მეგობარ ტიმურ მინდიჩს, თუმცა მან ქვეყანა საქმის გახმაურებიდან მალევე დატოვა. უკრაინიდან გაიქცა მისი ფინანსისტიც. მილიონობით დოლარის კორუფციის სკანდალის გამო თანამდებობა დატოვეს უკრაინის იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრებმაც. კორუფციული სკანდალში მონაწილეობისთვის დაკავებულია ქვეყნის ვიცე-პრემიერი ალექსეი ჩერნიშოვი, ის სახელმწიფო კომპანიიდან თანხის მითვისების საქმეზეა ბრალდებული. გამოძიების ვერსიით, ჩერნიშოვი კორუფციული სქემის მონაწილეებისგან თანხას იღებდა და შემდგომ მის ლეგალიზებას ახდენდა. თავად ექსპრემიერი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს. 

დღის ამბები