21 აგვისტო 2026,   10:35
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი ხელს მოაწერს კონვენციას, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც უკრაინისთვის სამართლიანობის აღდგენის კუთხით არის გადადგმული საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან - ხატია წილოსანი ჰააგაში დაგეგმილ კონფერენციაზე

რამდენიმე საათში ჰააგა უმაღლესი დონის დიპლომატიურ კონფერენციას უმასპინძლებს, რომელიც ევროპის საბჭოს ეგიდით უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიას აფუძნებს.

ნიდერლანდებშია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მაკა ბოჭორიშვილი ღონისძიებაზე ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ პირადად მიიწვია. ოფიციალური თბილისი დღეს ხელს მოაწერს უკრაინისთვის საერთაშორისო საჩივრების კომისიის დამაარსებელ კონვენციასაც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უკრაინის მიმართ საქართველოს მთავრობის პოლიტიკას.

რატომ არის მნიშვნელოვანი დღევანდელი დღე უკრაინისთვის - დღეს მოეწერება ხელი სპეციალურ დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც შეიქმნება კომისია. ეს კომისია გაუწევს ზედამხედველობას უკრაინისთვის ომის დასრულების შემდეგ ყველა ზარალის ანაზღაურების საკითხს. ზარალი, ბუნებრივია, რუსეთმა უნდა აანაზღაუროს, თუმცა ომის დასრულების შემდეგ ამ ყველაფერს სჭირდება გარკვეული იურიდიული მზადყოფნა. სწორედ ამ პროცესში ჩაერთვებიან ხელმომწერი სახელმწიფოები და ამ სახელმწიფოების რიგებშიც არის საქართველო.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით მიმართავს დარბაზში შეკრებილ მის კოლეგებსა და მსოფლიოს ლიდერებს. ადგილზე ასევე იქნებიან ევროკავშირის წარმომადგენლებიც. განსაკუთრებით აქტუალური არის ეს ღონისძიება დღეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, როდესაც უკრაინაში ომის დასრულების საკითხი საკმაოდ აქტუალურია და შეერთებული შტატები ამ კუთხით საკმაოდ მკვეთრ და მკაცრ ნაბიჯებსაც კი დგამს.

"ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი ხელს მოაწერს კონვენციას, ეს იქნება ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც უკრაინისთვის სამართლიანობის აღდგენის კუთხით არის გადადგმული საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და საქართველოს მონაწილეობა მაღალ დონეზე აღნიშნულ კონფერენციაში, ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა თანმიმდევრულად მხარს უჭერს უკრაინისთვის სამართლიანობის აღდგენას. კონვენციის ფარგლებში შეიქმნება მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინისთვის სამართლიანი გადახდების და კომპენსაციების მექანიზმის ჩამოყალიბებას, მის ეფექტურად აღსრულებას და ჩვენ როგორც კონვენციის ხელმომწერი, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, მაქსიმალურად ვიქნებით ჩართული აღნიშნულ პროცესებში, გამჭვირვალედ და სამართლიანად რომ მოხდეს საერთაშორისო ნორმების და დარღვეული საერთაშორისო სამართლის პრინციპების აღდგენა", - აცხადებს ევროპულ საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ხელმძღვანელი ხატია წილოსანი.

დღის ამბები