"პოლიტიკო", "როიტერი" და "ვაშინგტონ ეგზემაინერი" - ეს იმ უცხოური გამოცემების ჩამონათვალია, რომელზეც პარლამენტის ვიცე-სპიკერი საუბრობს. ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ეს გამოცემები "ფარას" იმ დოკუმენტებშიც ფიგურირებს, რომლის ლობისტური მომსახურებითაც "ნაციონალური მოძრაობა" სარგებლობდა და მილიონ ლარამდე თანხაც აქვს გადახდილი.
ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ კრიტიკული სტატიები და გამოცემების სათაურები სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ატარებს და საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის ნაწილია.
"ფარას" დოკუმენტების მიხედვით, "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტურ კამპანიას ნელსონ მალინსი ხელმძღვანელობს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ლობისტური კამპანიის ნაწილია "ვაშინგტონ ეგზემაინერში" და "როიტერში" შეკვეთილი მასალების განთავსებაც. ლობიზმში მილიონ ლარამდე თანხის გადახდას მიხეილ სააკაშვილის პარტიაში ადასტურებენ, თუმცა შეკვეთილ სტატიებთან კავშირს უარყოფენ.
"ქართულ ოცნებაში" თვლიან, რომ სიცრუით და დეზინფორმაციით სახელმწიფოს საგარეო იმიჯის შელახვას, პოლიტიკურის გარდა სამართლებრივ ჭრილში შეფასებაც სჭირდება.
ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი "ფარას" დოკუმენტებს ყოველ 6 თვეში აქვეყნებს. "ნაციონალური მოძრაობის" ბოლო ლობისტური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გავრცელდა. სააკაშვილის პარტიის ინტერესი, ამ შემთხვევაში მედია საშუალებებთან, ჟურნალისტებთან, სენატორებთან და კონგრესმენებთან, მათ შორის, უშუალოდ ჯო უილსონთან შეხვედრების ორგანიზება იყო.