ევროკავშირი "ქართული ოცნების" კრიტიკის ადრესატი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გახდა. მაშინ სახელისუფლებო პარტია ევრობიუროკრატიას უსამართლო მიდგომებსა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდა. ამ კუთხით მმართველი გუნდის პოზიცია არც დღეს შეცვლილა - შეიცვალა მხოლოდ ის, რომ ახლა საქართველოსთან ერთად ევროკავშირს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია და კონკრეტული ევროპელი ლიდერებიც აკრიტიკებენ.
ჯერ იყო საქართველო, შემდეგ შტატები, ახლა კი ევროკავშირის კრიტიკა ევროპიდანაც ისმის. ჩეხეთის ახლად არჩეულმა პრემიერმა ღიად თქვა, რომ ევროკავშირი იმ ღირებულებებს უნდა დაუბრუნდეს, რომლითაც სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი და ეროვნული იდენტობა დაცულია.
ევრობიუროკრატია და ევროპული პოლიტიკა გააკრიტიკა მარიო ნაუფალმაც. ცნობილი ჟურნალისტი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ ახლა ევროპას ის ბიუროკრატები მართავენ, რომლებიც ხალხს არ აურჩევია.
მსგავსი შინაარსის განცხადებები ევროკავშირის მისამართით ხშირად ისმის ამერიკელი მაღალჩინოსნების მხრიდან. დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ევროკავშირის კრიზისზე საუბრობს და ევრობიუროკრატების პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტშიც ასახულია. რაზეც ახლა შტატები ლაპარაკობს, ოფიციალური თბილისი დიდი ხნით ადრე აპელირებდა.
ოფიციალური ვაშინგტონისა და თბილისის იდენტური პოზიციების ფონზე, ევროკავშირში არსებულ ვითარებას განსხვავებულად აფასებს ოპოზიცია და ორ ქვეყანას შორის ვერც პოლიტიკურ თანხვედრას ხედავს.
ერთი და იგივე შინაარსის, თუმცა განსხვავებულ დროს ამერიკიდან და თბილისიდან გაჟღერებული გზავნილები, მმართველი გუნდისთვის შტატებსა და საქართველოს პოლიტიკურ თანხვედრაზე მიუთითებს. "ქართულ ოცნებაში" იმედოვნებენ, რომ ევროპასთან მიმართებით კრიტიკულ პოლიტიკურ განცხადებებს ამერიკის მხრიდან მალე შესაბამისი ქმედებებიც მოჰყვება.
ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ თანხვედრაზე მეტად მნიშვნელოვანი, "ქართული ოცნებისთვის" სიმართლეა. მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ ევრობიუროკრატიის უარყოფით მხარეს სხვა ქვეყნებიც მალე დაინახავენ.
ავტორი: ნანა გოგატაძე