"ესეც არის ერთგვარი მაგალითი იმისა, რომ თუ ყველა წევრი ქვეყანა არ იქნება ამა თუ იმ ნაკარნახევი პოლიტიკის ერთგული, მათ მიმართ იქნება სადამსჯელო მექანიზმები გამოყენებული“ - ასე აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელის ახალ საიმიგრაციო პოლიტიკას, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიგრანტების მიღებას აიძულებს, უარის შემთხვევაში კი სახელმწიფოებს თითოეულ ადამიანზე 20 ათას ევროიან ჯარიმას უწესებს.
ბრიუსელში მიღებულ გადაწყვეტილებას სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად აღიქვამენ - ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. გამოცემა "ტელეგრაფის" ცნობით, ახალი საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ უკვე გამოვიდნენ - ავსტრია, ბულგარეთი, ხორვატია, უნგრეთი, ჩეხეთი, ესტონეთი და პოლონეთი. ამ ჩამონათვალიდან სათქმელი არ დამალა და ევრობიუროკრატების მიზანი ღიად გაშიფრა უნგრეთმა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, ახლა ამბობს, რომ გადაწყვეტილებაზე ბუდაპეშტს მყისიერი პასუხი ექნება და უპასუხოდ არც ისინი დარჩებიან, ვინც ქვეყნის შიგნით ბრიუსელის აგენტურას წარმოადგენენ.
ევროკავშირის ახალი საიმიგრაციო პოლიტიკა - 21 ათასი მიგრანტი იტალიისა და საბერძნეთის მსგავსად სხვა წევრ სახელმწიფოებში გადანაწილდნენ - პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ვაშინგტონის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიასთან. 33 გვერდიან დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ევროპაში სხვა ეროვნების ადამიანების უკონტროლო შემოდინების გამო - კონტინენტი სახეს კარგავს. ბრიუსელის მსგავსად სწორედ ამ არგუმენტს უგულებელყოფენ ახლა თბილისში მყოფი ევრობიუროკრატიის მხარდამჭერები. ქართულ ოპოზიციაში საკითხის შეფასების დროს ან კითხვას თავს არიდებენ, ან მხოლოდ იმას ამბობენ, რომ თავის პრობლემებს ევროკავშირი თავადვე - სხვა სახელმწიფოების ჩარევის გარეშე მოაგვარებს.
ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ თემაზე, საპარლამენტო უმრავლესობაშიც ისაუბრეს. ქართველი კანონმდებლები ამბობენ, რომ ევრობიუროკრატებს ევროკავშირისთვის ვერდიქტი თავადვე გამოაქვთ. ითქვა ისიც, რომ ახლა ევროპული გაერთიანების მმართველი რგოლი არ ითვალისწინებს მთავარი პარტნიორის მოწოდებას და შტატებიდან მომავალ კრიტიკას პრობლემების გამოსწორების ნაცვლად, აგრესიული თავდაჯერებულობით პასუხობს.
გადაწყვეტილება ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკის ცვლილების შესახებ, პოლიტიკური გაერთიანების შინაგან საქმეთა მინისტრებმა 8 დეკემბერს მიიღეს. ახალი წესები ძალაში 2026 წლის ივნისიდან ამოქმედდება.