04 აგვისტო 2026,   15:29
ვრცლად
მორიგი ცვლილება შეკრება-მანიფესტაციების კანონში - რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ შეკრების მონაწილეები არ დათანხმდებიან შეთავაზებულ ადგილს, ჩაატარებენ აქციას სხვა ადგილზე და შეზღუდავენ სხვების გადაადგილებას

სატრანსპორტო გზის გადაკეტვის მსგავსად, დაუშვებელი ხდება ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვაც, თუ ამის აუცილებლობას შეკრებილთა რაოდენობა არ მოითხოვს. დაუშვებელია საფეხმავლო გზის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციით შეფერხება. შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისთვის მუნიციპალური ორგანოს ნაცვლად აუცილებელი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიმართვა.

დაგეგმილი ცვლილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაინტერესებულმა პირებმა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებამდე ხუთი დღით ადრე უნდა მიმართონ. თუ მიმართვის ავტორების მოთხოვნა კანონს ეწინააღმდეგება სამინისტრომ მათ ალტერნატიული გზები უნდა შესთავაზოს. დაუმორჩილებლობა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. აქციის მონაწილეების შემთხვევაში საუბარია 15 დღიან, ხოლო ორგანიზატორების შემთხვევაში 20 დღიან პატიმრობაზე. განმეორებით დაუმორჩილებლობა სისხლის სამართლის დანაშაულში გადადის.

"შეკრებისა და მანიფესტაციის" შესახებ კანონში ცვლილებას არასაპარლამენტო ოპოზიცია ტრადიციულად ქუჩიდან გამოეხმაურა და ინიციატივა აქციების შეზღუდვის მცდელობად შეაფასა.

სახელისუფლებო პარტიის ლიდერების განცხადებით, ცვლილებები სრულ თანხვედრაშია, როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტთან და პრაქტიკასთან.

ცვლილებით, ტრანსპორტის ან საფეხმავლო გზის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს გზის გახსნაზე იმ შემთხვევაში, თუ მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარადაც შესაძლებელია.

დღის ამბები