"ნაციონალური მოძრაობის" მიერ საკუთარი სახელმიწფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგები - პრემიერ-მინისტრის ვრცელი წერილი და ანალიზი, თუ რატომ არ იქცა აგვისტოს ომი ნაცმოძრაობის და მისი მიმდევრებისთვის საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად. ირაკლი კობახიძე სვამს არაერთ კითხვას - რატომ გამოაცხადა უცხოურმა აგენტურამ რუსეთი დაუძინებელ მტრად მხოლოდ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ და რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როცა საქმე საქრათველოს ეხებოდა.
"ნაციონალური მოძრაობა" არ პასუხობს კითხვას - რატომ გახდა რუსეთი ომის დამნაშავე უკრაინაში საომარი მოქმედებების და არა აგვისტოს ომის შემდეგ. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ანტირუსული განწყობები "ნაციონალურ მოძრაობასა" და მათ მხარდამჭერებში, ლოგიკურად, არა 2022 წელს, არამედ 2008 წლის ომის შემდეგ უნდა გაჩენილიყო, თუმცა ოპოზიცია ვალდებულია გარე დაკვეთით დავალებები სრულყოფილად შეასრულოს.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, ოპოზიციის ყოფილ ლიდერებს უცხოური დავალებებით მოქმედებაში ადანაშაულებს.
მისივე განცხადებით, წარსულში მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთს უვიზო მიმოსვლა გაუხსნა, სტრატეგიული ობიექტები გადასცა, რადგან იმ პერიოდში ანტირუსული კამპანიის წარმოების დავალება არ ჰქონიათ. მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიცია ანტირუსულ რიტორიკაზე მხოლოდ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გადავიდა.
"ეს აგენტების ხვედრია, მათ უფლება არ ჰქონდათ რომ სხვანაირად ელაპარაკათ, ემოქმედათ, ვინაიდან ასეთი დავალება ჰქონდათ მიღებული და იმ დროს არ იდგა დღის წესრიგში რუსეთის გაშავების კამპანია და კარგად გახსოვთ სააკაშვილი, ხოშტარია, ჯაფარიძე, რეებს საუბრობდნენ? უვიზო მიმოსვლა გაუხსნეს სამხრეთ რუსეთს, ჩვენი სტრატეგიული ობიექტები გადაუფორმეს რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს. გადამწყვეტი ხმა მისცეს რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრებლად, ხვდებოდნენ რუს ტურისტებს საზღვარზე, ვინაიდან ასეთი ტიპის დავალება ჰქონდათ და რუსოფობები გახდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და თურმე რუსეთი ოკუპანტი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც უკრაინაში შეიჭრა.
ჩვენთვის რუსეთი ოკუპანტი იყო 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული და მნიშვნელობა არა აქვს დამატებით რა გააკეთა სხვა ქვეყანაში რუსეთმა. დღემდე რუსეთი არის ოკუპანტი, ეს მოცემულობა და ეს მემკვიდრეობა სამწუხაროდ ჩვენ მივიღეთ და ყველას იმასაც შევახსენებ, რომ მოღალატეობრივ რეზოლუციას როგორ მოუწერეს ნაცებმა ხელი, სადაც ჩვენს სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება, ხოლო "ქართულმა ოცნებამ" მოვიგეთ ყველა სასამართლო პროცესი სტრასბურგშიც და ჰააგაშიც, მოვხსენით ეს რისკები ჩვენი გმირების, სამხედროების წინაშე რაც იდგა და რუსეთი გამოცხადდა ოკუპანტად", - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.