04 აგვისტო 2026,   19:24
ვრცლად
ყველაზე ტრაგიკულია, როდესაც დასავლური პოლიტიკური ელიტები ისე თამაშობდნენ სახელმწიფოების და ხალხის ბედით, რომ არ იღებდნენ პასუხისმგებლობას რაც შეიძლებოდა ყოველივე ამას მოყოლოდა - ირაკლი ქადაგიშვილი ზალუჟნის განცხადებაზე

"ზღაპრებს ნუ დაიჯერებთ, უკრაინა ნატო-ს წევრი ვერასდროს გახდება" - აცხადებს დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი. გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ეს მოსაზრება კიევში ელჩებთან შეხვედრის დროს გამოთქვა და აღნიშნა, რომ ნატო-ს ძალიან კარგად იცნობს. მისივე თქმით, უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას ხელს ის უშლის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ ორგანიზაციასთან შესაერთებლად საჭირო დონეზე ჯერ არ არის. "12 წელი ვმუშაობდი იმაზე, რომ ნატო-ს სტანდარტები დაგვენერგა და ყოველ წელს ვუსმენდი ზღაპრებს იმის შესახებ, რომ აი, სულ მალე ნატო-ში შევიდოდით. სამწუხაროდ, ჩვენ მასში ვერასდროს გავწევრიანდებით" - განაცხადა გენერალმა.

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, ვალერი ზალუჟნის განცხადება არსებული რეალობის აღიარებაა.

მისივე თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და შემდგომში უკრაინაში განვითარებული მოვლენები დასავლეთის პოლიტიკური ელიტების არაშორსმჭვრეტელობითა და, რიგ შემთხვევებში, ავანტიურისტული მიდგომებით იყო განპირობებული. ქადაგიშვილის თქმით, დიდი პოლიტიკა გაცილებით მეტ სიბრძნესა და პასუხისმგებლობას მოითხოვს.

"ეს არის აღიარება რეალობისა და ეს რეალობა დღეს მე მგონი არავისთვის აღარ წარმოადგენს რაღაც ფარულს და მეორე, რაც ყველაზე უფრო ტრაგიკული არის, როდესაც დასავლური პოლიტიკური ელიტები ისე თამაშობდნენ სახელმწიფოების და ხალხის ბედით, რომ არ იღებდნენ პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რაც შეიძლებოდა ყოველივე ამას მოყოლოდა. გარკვეულწილად, 2008 წლის აგრესია რუსეთ-საქართველოსი, შემდგომ უკვე რუსული აგრესია უკრაინაში, ყველაფერი გამოწვეული არის, ამ, ასე ვთქვათ, გარკვეული პოლიტიკური არაშორსმხედველობითა და ხშირ შემთხვევაში შეიძლება ცოტა ავანტიურისტული მიდგომით. დიდი პოლიტიკა უფრო მეტ სიბრძნეს მოითხოვს და ნაკლებ იმ ავანტიურისტულ მიდგომებს, რაც, სამწუხაროდ, აი ამ ომის დროსაც ჩვენ საქართველოს მიმართებაში ვიხილეთ, სამწუხაროდ", - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები